“შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მზია ამაღლობელის პატიმრობაზე

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას საგანგებო განცხადებით ეხმაურება. მღვდელმთავარი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, შეუსაბამოდ მიაჩნია ჟურნალისტი ქალის მიმართ სილის გაწვნის გამო მსგავსი სიმძიმის სასჯელი.

“შეუძლებელია არ გამოვეხმაურო მზია ამაღლობელის მიმდინარე სასამართლო პროცესს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ ყოველი ჩვენგანი დედის ნაშობნი არა ვართ?! ქალის კულტი ხომ ჩვენ ერში ოდითგანვე განსაკუთრებული როლით და პატივისცემით სარგებლობდა. დაზარალებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და ამ კანონით ქალს სილის გაწვნისთვის 4 – დან 7 წლამდე პატიმრობისთვის იმეტებს.

მე მესმის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე ხელის აღმართვა ყოვლად დაუშვებელია და მას ყოველთვის უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება,თუმცა შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მღვდელმთავარი და ამავდროულად რიგითი მოქალაქე, ამ ქალბატონის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ.
ჩემო ქრისტესმიერო ძმაო და შვილო, განა შენ არ გაგზარდა ქართველმა დედამ, გყავს და ან მეუღლე, განა უცხოა შენთვის მორალური კანონები – შენდობა და პატიება, რომელიც ხშირად აღემატება დაწერილ კანონებს.

“რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ” .

მიუტევეთ და მოგეტევებათ”,- აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

banner
წინა სტატიაში„დიდ შარშია კობახიძე… დააჯერეს პატარა ბიჭს რომ დიდი პოლიტიკოსია. „გააქეზეს მურია“-ს ამბავი ემართება ბოლო სერიაში“ – გიორგი თავდგირიძე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა