“შეუძლებელია, რომ სანქცირებულ ხელისუფლებასთან გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობაზე” – ამის შესახებ განცხადება “ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
კუპრაძე საქართველოს პრემიერის ბერლინში ვიზიტს “პროპაგანდისტულ ნაბიჯს” უწოდებს და აცხადებს, რომ მიუხედავად საერთაშორისო შეხვედრებზე მონაწილეობისა, “ოცნება” საკუთარი რიტორიკით პარტნიორების მკაცრ ნაბიჯებს თავიდან ვერ აირიდებს.
“ოცნების” და ირაკლი კობახიძის გეგმა, პროპაგანდისტული ნაბიჯი, ჩასვლა კონფერენციაზე ჩავარდა. მათი მიზანი ვერ იქნა მიღწეული. ისინი ვერ შეძლებენ იმ რეაქციის შემსუბუქებას, რაც არის რუსულ რეჟიმზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების უკუკავშირი. შეუძლებელია, რომ სანქცირებულ ხელისუფლებასთან გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობაზე”, – ამბობს კუპრაძე.
გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი – მსოფლიო ლიდერებმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ორდღიან კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც ბერლინში, 11-12 ივნისს გაიმართა.
“უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ლიდერებს მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით მიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება იყო.