შეწუხებული მარგარიტა, კმაყოფილი მიზულინა და პუტინთან 5-საათიანი ინტერვიუს უცნობი დეტალები

Fox News-ის  ყოფილმა წამყვანმა და რუსული პროპაგანდის ფავორიტმა ტაკერ კარლსონმა საკუთარ ვებსაიტზე და სოციალურ ქსელ X-ზე ვლადიმერ პუტინთან ორსაათიანი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ამ ინტერვიუსთვის ჟურნალისტი რუსეთში სპეციალურად ჩაფრინდა (რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ქვეყნის შიგნით მუშაობა არ შეუძლიათ – მათ დევნიან და აპატიმრებენ). კარლსონმა, პრაქტიკულად, ერთი მძაფრი კითხვაც არ დაუსვა პუტინს, თუმცა ამას დაპირებული იყო. პუტინმა კვლავ მოახერხა თავისი საყვარელი თეზისების გაჟღერება, მათ შორის, სამოყვარულო “ისტორიული” გამოსვლა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების შესახებ (წაიკითხეთ მთავარი ციტატები ინტერვიუდან აქ). მიუხედავად ამისა, ინტერვიუ გახდა ახალი ამბების ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთსა და მთელ მსოფლიოში.

რუსული პროპაგანდა დაჟინებით ადევნებდა თვალყურს ტაკერ კარლსონის გადაადგილებას რუსეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფო მედია ასევე აქტიურად ავრცელებდა თავად პუტინის ინტერვიუს. პრეზიდენტის საუბარი ჟურნალისტთან სულ მცირე სამჯერ გამოქვეყნდა სხვადასხვა ფორმით: ჯერ, უბრალოდ, ციტირებდნენ პუტინის განცხადებებს, შემდეგ მედიამ მკითხველს შეატყობინა, რომ კრემლის ვებსაიტზე გამოჩნდა ინტერვიუს სრული ჩანაწერი და ბოლოს, გამოაქვეყნეს სრული  ორსაათიანი საუბრის რუსული ვერსია.

9 თებერვალს,დილით, სააგენტო TASS-მა ინტერვიუს ჩანაწერის პირდაპირი ტრანსლაციაც კი დაიწყო. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, კრემლის მომხრე ტელეგრამ არხმა Mash-მა მას „მსოფლიოს მთავარი მოვლენა” უწოდა.

რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვან თემად იქცა  პუტინთან „ინტერვიუს ნახვების რაოდენობაც“.  პირველივე წუთებიდან სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები აკვირდებოდნენ  სოციალურ ქსელ X-ზე ნახვების  რაოდენობის მაჩვენებელს. ამრიგად, ტაკერის პოსტი – პუტინთან ინტერვიუ  სოციალურ ქსელ X-ზე 86,6 მილიონჯერ იყო ნანახი და მაშინ, როცა YouTube-მა გამოქვეყნებიდან 11 საათში მხოლოდ 4,3 მილიონი ნახვა მიიღო, თუმცა, ამ შემთხვევაში ინტერვიუს ნახვების რაოდენობაზე საუბარი არაკორექტულია. ამაზე ადრე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება მედიაექსპერტმა ალექსანდრე ამზინმა. სინამდვილეში, X-ში პოსტის ნახვების რაოდენობა არ ნიშნავს ვიდეოს ნახვების და არც თავად პოსტის წაკითხვის რაოდენობას.

რუსული მედიისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო იმის აღნიშვნა, რომ ინტერვიუ საინტერესო იყო, როგორც მაყურებლისთვის, ასევე  უცხოელი ჟურნალისტებისთვის. ამრიგად, პროპაგანდამ მიაქცია ყურადღება, რომ პუტინის თემა იქცა აქტუალურ საკითხად  სოციალური ქსელ X-ში. (ამ მასალის გამოქვეყნების მომენტში სოციალურ ქსელში დათვლილია თითქმის მილიონნახევარი პოსტი, სადაც ნახსენებია რუსეთის პრეზიდენტი – მედუზას ცნობა). გარდა ამისა, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა ყურადღება გაამახვილეს X-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის პუბლიკაციაზე, რომელმაც გაიზიარა ინტერვიუ საკუთარ გვერდზე და დაწერა, რომ უყურებს პუტინთან ინტერვიუს.

თავად ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ ინტერვიუს ჩასაწერად კრემლში 5 საათი გაატარა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ორი საათით დააგვიანა. საუბრის შემდეგ ტელეწამყვანმა პუტინს ჭკვიანი ადამიანი უწოდა და თქვა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის უარყოფამ რუსეთის პრეზიდენტს „ძლიერ ატკინა გული“. ” ამის გამო, მას უელავდა თვალები”, – განაცხადა კარლსონმა. ჟურნალისტის თქმით, რუსეთი არ არის დაკავებული ექსპანსიით, რადგან ის უკვე „ასე უზარმაზარია“ და „იდეოლოგიურ მატყუარებს, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტს მართავენ“ უნდათ ჰიტლერის გამოყვანა პუტინისგან.

კარლსონმა დასძინა, რომ რუსეთი არ დათმობს ყირიმს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გულისთვის. „თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ ეს ფაქტი, მაგრამ პუტინი დაიწყებს ბირთვულ ომს, რათა არ დათმოს ყირიმი. და სწორედ  ყირიმი იყო ომის დაწყების მიზეზი 2022 წლის თებერვალში“, – განაცხადა წამყვანმა.

„რუსეთის პრეზიდენტმა დასავლურ სამყაროს მაქსიმალურად დეტალურად აუხსნა, რატომ არ არსებობდა არანაირა უკრაინა, არ არსებობს და არც იარსებებს. ტაკერ კარლსონს არ შეეშინდა და არც დაიბნა“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. ომის მომხრე ერთ-ერთმა მთავარმა ტელეგრამ-არხმა «Рыбарь»  თქვა, რომ პუტინის ინტერვიუს ამერიკელ ტელეწამყვანთან „ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა“. არხის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ინტერვიუ წინასწარ იყო დაგეგმილ-ორგანიზებული და აღნიშნავენ „მრავალმხრივ და შეფარულ მინიშნებებსა და მითითებებს“.

RT-ის მთავარი რედაქტორი და პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, თავის მხრივ, ჩიოდა, რომ კარლსონი არ ესაუბრებოდა პუტინს კონსერვატიულ ღირებულებებზე: „ეს არის მისი ძლიერი მხარე. ეს არის ერთადერთი, რაზეც რუსეთს შეუძლია და ახლაც უნდა ააშენოს საგარეო იდეოლოგია“.

„ამბობენ, რომ დღეს ბევრ სკოლაში, გაკვეთილების ნაცვლად, ყველა უყურებს ინტერვიუს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ისევე როგორც მთელი მსოფლიო. არც ერთი სხვა ქვეყნის არც ერთ ლიდერს არ ელიან ისე მშოფლიოში, როგორც ჩვენსას. მე ვამაყობ“, – წერს უსაფრთხო ინტერნეტ ლიგის ხელმძღვანელი ეკატერინა მიზულინა.

რა გამოხმაურეა მოჰყვა პუტინის ინტერვიუს დასავლურ მედიაში

მიუხედავად იმისა, რომ რუსული მედია აქტიურად ციტირებს ფრაგმენტებს დასავლელი კოლეგების პუბლიკაციებიდან, არც ერთ წამყვან უცხოურ მედიაში  პუტინის საუბარი კარლსონთან არ გახდა მთავარი სიახლე. ამერიკული და ევროპული გამოცემების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებდა პუტინის განცხადებებზე The Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩის შესახებ, რომელიც რუსეთში დააკავეს. კერძოდ, ამის შესახებ თავად Wall Street Journal, The New York Times, Politico, CNN, BBC, Associated Press და Financial Times წერდნენ.

სხვა განცხადებები, რამაც დასავლური პრესა დააინტერესა, იყო ის, რომ რუსეთი ბოლომდე იბრძვის თავისი ინტერესებისთვის, მაგრამ არ არის დაინტერესებული კონფლიქტის გაფართოებით პოლონეთის და ლატვიის ტერიტორიაზე (Reuters, Spiegel და Le Monde). მედია ასევე ციტირებდა პუტინის სიტყვებს უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების შესახებ (Bloomberg, The Guardian და The Washington Post).

Wall Street Journal-ი წერს, რომ კარლსონმა პუტინთან ინტერვიუ გამოაქვეყნა „გარდამტეხ  მომენტში“. გამოცემა იხსენებს, რომ მილიარდობით დოლარის დახმარება უკრაინას შიდაპოლიტიკური უთანხმოების გამო  აშშ-ს კონგრესში შეფერხდა, ხოლო რუსული ჯარები ბრძოლის ველზე წინ მიიწევენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი საბრძოლო მასალისა და იარაღის მწვავე დეფიციტს განიცდიან.

„ინტერვიუმ პუტინს საშუალება მისცა გაეძლიერებინა თავისი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და ეჩვენებინა, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია თავისი პირობები წაუყენოს დასავლეთს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მას ხელისუფლებაში 6 წლით დარჩენის შესაძლებლობას მისცემს“, – წერს გაზეთი.

კარლსონმა პუტინს საშუალება მისცა, განევრცო  წარმოდგენა რუსეთზე, როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველზე –  წერს The New York Times. გაზეთი ასევე მიიჩნევს, რომ პუტინის  მოწოდებები შეერთებულმა შტატებისადმი დადებულ იქნას სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასთან დაკავშირებით, არის რუსეთის პრეზიდენტის მცდელობა, პირდაპირ მიმართოს ამერიკელ კონსერვატორებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის შეფასებით, პუტინის ინტერვიუ კარლსონთან, ნაკლებად სავარაუდოა, შეცვალოს ამერეკილების აზრი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.  „გახსოვდეთ, თქვენ უსმენთ ვლადიმერ პუტინს. არ ღირს სუფთა მონეტატ მიიღოთ, ყველაფერი ტასაც ის ამბობს, ”- დასძინა ჯონ კირბრიმ.

პუტინი სრულად იყო დიალოგის წარმართველი, მის თანამოსაუბრეს კი ინტერვიუს უმეტესი დროის განმავლობაში  სიტყვა არ უთქვამს, – წერს BBC. გერმანული „შპიგელი“ აღნიშნავს, რომ პუტინის ინტერვიუ კარლსონთან არის „პირველი დეტალური საუბარი“ რუსეთის პრეზიდენტსა და ამერიკელ ჟურნალისტს შორის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

იმის ნაცვლად, რომ პუტინზე ზეწოლა მოეხდინა ბევრ საკითხზე, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების სარწმუნო ბრალდებებსა და ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებაზე, კარლსონმა ავტოკრატს მისცა პლატფორმა, რათა მოეხდინა საზოგადოების მანიპულირება და ისტორიის საკუთარი ვერსიის წარმოჩენა“ – აღნიშნა CNN-მა. ბრიტანულმა The Guardian-მა პუტინთან ინტერვიუს კარლსონისთვის “სირცხვილის ახალი დონე” უწოდა.

გამომცემლობა „Semafor“-ი ირწმუნება, რომ ინტერვიუს გარდა, კარლსონი მოსკოვში შეხვდა რუსეთში დევნილობაში მყოფ ორ ამერიკელს – ედვარდ სნოუდენს, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სათვალთვალო პროგრამების შესახებ მონაცემების გადაცემა და ტარა რიდის, რომელიც ჯო ბაიდენს შევიწროებაში ადანაშაულებს. თავად კარლსონი უარყოფს მსგავსი შეხვედრებს.

პესკოვი კმაყოფილია…

კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა, დასავლეთის რეაქციაზე რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუზე  თქვა, რომ დასავლეთი ძალიან ყურადღებით შეისწავლის და გააანალიზებს პუტინის საუბარს კარლსონთან:

„იქ [აშშ-ში] ერთგვარი პროფესიული უხალისობაა გამოაქვეყნო კარლსონის ინტერვიუ.  იქ არის განხეთქილება პოლიტიკური შეხედულებების კუთხით და ძალიან სერიოზული კორპორატიული განხეთქილება მედიაში. ისინი მკაცრად არიან გაყოფილი პარტიის მხარდაჭერის კრიტერიუმების მიხედვით, ერთი ორიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, არის გარკვეული პროფესიული ეჭვიანობა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ინტერვიუს ღრმა ანალიზი მოჰყვება“ – თქვა მან.

პესკოვი ასევე, ირწმუნება, რომ კარლსონს წინასწარ არ შეუთანხმებია შეკითხვები კრემლთან  და ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო “რამდენიმე ათეული მოთხოვნა” პუტინთან ინტერვიუსთვის მსოფლიოს სხვადასვა მსხვილი ქვეყნების მედიასაშუალებებისგან. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ჩვენი ხალხის რეაქციაა“, – განაცხადა პესკოვმა.

„ყველაზე ღირებული და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი წაიკითხოს ეს ინტერვიუ“ – თქვა პესკოვმა.

რა უზუსტობები გაიპარა ინტერვიუში

რუსულმა დამოუკიდებელმა მედიამ ყურადღება გაამახვილა პუტინის ინტერვიუში არსებულ შეცდომებსა და უზუსტობებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აშუქებდა პროპაგანდა ამ მოვლენას. კერძოდ, როგორც „დოჟდი“ წერს, პუტინმა თქვა, რომ ვლადიმერ ზელენსკის მამა „ფაშისტებს ებრძოდა“. სინამდვილეში კი, ალექსანდრე ზელენსკი დაიბადა 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ. პუტინს ალბათ, უნდოდა ეხსენებინა ზელენსკის ბაბუა, რომელიც ნამდვილად იბრძოდა ჰიტლერის წინაღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მხარეს მებრძოლი დაქირავებულების რაოდენობით, საქართველო მესამე ადგილზეა – პუტინი
შემდეგი სტატიაპოლონური მედია: პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე დაადეპორტეს