შეწყვიტეთ ოთხმოცდაათიანებში მოზელილი პოსტსაბჭოური “გაგებით” თანამედროვე ცივილიზაციის ნორმების ჩანაცვლების ამაო მცდელობა!

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი საპატრიარქოს დღეს გავრცელებულ განცხადებას “ფეისბუქით” ეხმაურება და წერს:
“საპატრიარქომ რომ ისეთი განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც მეუფე იობის წყევლის გადმოკოპირება ჯობდა, ეს ერთი უბედურებაა და როდესაც საპატრიარქოს ამ მაფიოზურ მუქარას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეგრევე იტაცებენ და ეთანხმებიან, ნაცვლად იმისა, რომ გათავხედებულ კლერიკალებს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებზე მიუთითონ (ვოლსკი ვოლსკად და არჩილ თალაკვაძეც მორცხვად ალაიქებს ქვემოთ), ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საქმე უფრო ცუდადაა, ვიდრე აქამდე ჩანდა.
ბიძინა ივანიშვილი დღემდე რელიგიური ექსტრემიზმისადმი სიმპატიებში მაინც არ ყოფილა შემჩნეული და თუ ახლა, პოლიტიკაში ოფიციალურად მობრუნებულმა გადაწყვიტა საქართველოს ირანიზაციის, კლერიკალური ექსტრემიზმის, რელიგიური ფაშიზმის კარტი გაათამაშოს და ამ ტალღაზე უზრუნველყოს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა, ეს არა მხოლოდ ქვეყანას და ხალხს, პირადად მასაც ძალიან ძვირი დაუჯდება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ადრეც მითქვამს პატივცემული ხელისუფლებისთვის: შეწყვიტეთ კალენდართან ბრძოლა! შეწყვიტეთ ოთხმოცდაათიანებში მოზელილი პოსტსაბჭოური “გაგებით” თანამედროვე ცივილიზაციის ნორმების ჩანაცვლების ამაო მცდელობა! თქვენი დრო წასულია და ეს არის პრინციპში მხოლოდ ტექნიკური საკითხი. გასაგებია, რომ შეგიძლიათ კუდი მოიქნიოთ და კიდევ ბევრი რამ გააფუჭოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც წააგებთ. რა ძლიერადაც არ უნდა მიგაჩნდეთ თავი და რა რეიტინგებშიც არ უნდა იქექებოდეთ, გუშინდელი და გუშინწინდელი დღე ვერასდროს შეაკავებს ხვალინდელის დადგომას და კალენდართან ბრძოლა ყოველთვის კალენდრის გამარჯვებით დამთავრდება”- წერს დავით ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: მთელი ეს ამბავი აურზაურია არაფრის გამო
შემდეგი სტატიაუკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, სევერიონ დანგაძე გაათავისუფლეს