1947 წლის 2 მარტი – ეს, გურამ გაბესკირიას დაბადების თარიღია, რომელიც აფხაზეთის ულამაზეს ქლაქში, სოხუმში დაიბადა.
ზღვისა და მზის ქალაქში გაზრდილი ბიჭი, მომავალში საკუთარი ქალაქის ღირსების სიმბოლოდ იქცა. ის, იყო პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, სოხუმის მერი, მაგრამ ყოველთვის, საკუთარ რეგალიებსა და პროფესიულ სტატუსებზე მაღლა, მისი პიროვნული თვისებები და ეროვნული ღირსება იდგა, რომელიც მან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე შეინარჩუნა.
1993 წლის სექტემბერი – სოხუმი ალყაშია. ომი უკვე, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობის ყველაზე მძიმე ფაზაშია შესული. ქალაქი ეცემა. გურამ გაბესკირია ტყვედ ჩავარდა. შეიარაღებულმა ბოევიკებმა მას მოსთხოვეს:
“დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!”
ეს იყო წამი, როცა მას შეეძლო არჩევანი გაეკეთებინა – სიცოცხლე დამცირების ფასად, თუ ღირსება სიკვდილის ფასად!
გურამ გაბესკირიამ უპასუხა სიტყვებით, რომლებიც ისტორიად იქცა:
“არასდროს, სანამ ცოცხალი ვარ!”
ეს არ იყო უბრალოდ პასუხი. ეს იყო განაჩენი საკუთარი თავისთვის, მაგრამ გამარჯვება სულისთვის, რომელიც პიროვნულ და ეროვნულ ღირსების ეტალონად აქცევს ადამიანს! მან უარი თქვა დაჩოქებაზე, უარი თქვა საკუთარი ხალხის შეურაცხყოფაზე, უარი თქვა სიცოცხლეზე, თუ უღირსი ქმედებით იქნებოდა შენარჩუნებული!
მალე ის და მასთან ერთად ტყვედ აყვანილი სხვა ქართველი ხელმძღვანელები დახვრიტეს, მაგრამ სიკვდილმა, ვერ დაამარცხა ის, ვინც მუხლი არ მოიდრიკა! მისი სიტყვები დარჩა, როგორც შეუვალი ხასიათის, თავდადებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო!
დღეს, 2 მარტს, მას 79 წელი შეუსრულდებოდა. შეიძლება ცხოვრება შეწყდა 46 წლის ასაკში, მაგრამ მსგავს შემთხვევებში, ისტორია არ სრულდება. გურამ გაბესკირიას სახელი იქცა მაგალითად, როგორ უნდა იდგე სიცოცხლია ბოლომდე მედგრად მაშინაც კი, როცა იცი, რომ ეს ბოლო წამებია!
ის, არ დაიჩოქა!
და ამით ასწავლა მომავალ თაობებს, რომ თავისუფლება იწყება ღირსებიდან!
გურამ გაბესკირიას ცხოვრება შეწყდა, მაგრამ მისი სიტყვები ცოცხალია.
„არასდროს, სანამ ცოცხალი ვარ!“ 🇬🇪❤️
ავტორი: ბერდია კალანდია

















