შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

„დეესკალაცია უნდა იყოს ჩვენი მიზანი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ და ეს იქნება ჩემი წლის მიზანი. შარშანდელმა შეწყალების აქტმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოწვია. ამის შემდეგ, ჩემი ინიციატივით ახალი კრიტერიუმების შემუშავებამდე შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ვიხელმძღვანელეთ ერთი მხრივ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკით და მეორე მხრივ კი, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამის შედეგად შემუშავდა ახალი წესი და კრიტერიუმები.

„შედეგად შემუშავდა შეწყალების ახალი წესი. ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორიცაა მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღება და ა.შ. უფრო გამკაცრებულია. მსუბუქ დანაშაულებზე კი პირიქით, შერბილებულია. ეს კრიტერიუმები მე ჩემ თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალებას უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე და იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი.

„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვთქვა, როგორც ერთი წლის წინ პარლამენტის წინაშე ჩემს პირველ მოხსენებაში განვაცხადე, შეწყალებას, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია დამკვიდრებული, უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე. იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი.

შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების, მათ შორის დაზარალებულების განწყობების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა დღევანდელი შეწყალების აქტი, იგი ითვალისწინებს ხუთი ადამიანის შეწყალებას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა. მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით მოხდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 9 წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 31 ოქტომბერს მიმართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

banner
წინა სტატიაშიგუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა აღარ არსებობს რაც შეეხება ბაკურიანს 20-მდე სასტუმროს წყალმომარაგების პრობლემა აქვს
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: უსამართლობა ის კი არ არის, რომ დეკანოზი მამალაძე არ შეიწყალეს – ეს სამართლიანია