შეწყალების სკანდალურ საქმეზე გაბუნია და ხუციშვილი მეორედ დაიკითხნენ

პროკურატურამ შეწყალების სკანდალურ საქმეზე დიმიტრი გაბუნია და ანგი ხუციშვილი მეორედ დაკითხა. საგამოძიებო უწყებამ ამჯერად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების დაბარება გაასაიდუმლოვა.

დიმიტრი გაბუნიაც და ანგი ხუციშვილიც, საგამოძიებო უწყებაში ერთხელ უკვე გამოიკითხნენ. ორივე მათგანი რამდენიმე საათის განმავლობაში პროკურორის კითხვებს პასუხობდა. რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა და რა დამატებითი კითხვები გაუჩნდა გამოძიებას უცნობია, გაბუნიას და ხუციშვილს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.

ორივე მათგანმა პროკურატურის შენობა ისე დატოვა, რომ მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ. უცნობია, რა კითხვები ჰქონდათ დღეს გამომძიებლებს მათ მიმართ, დაასახელეს თუ არა კონკრეტული პირები, ვინც შესაძლებელია კავშირში იყვნენ შეწყალების სკანდალურ სიასთან.

პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების გარდა, დღეს გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახის წევრები. ამ წუთებში, გამოკითხვაზე იმყოფება დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის დედა. როგორც უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დედა გამოძიებას ეტყვის, რომ პრეზიდენტის სახელზე თავისი შვილის შეწყალების მოთხოვნით განცხადება თავად დაწერა.

“მისი ქმედება აბსოლუტურად შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ჩვენთვის უცნობია, რა კითხვები ექნება გამოძიებას, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქმის მასალებში მოიპოვება უამრავი დოკუმენტი, რომელიც ცალსახად ადასტურებს ასლან ბეჟანიძის აბსოლუტურ უდანაშაულობას. დედამისმა, რა თქმა უნდა, გარკვეული დოკუმენტაციები, განცხადებასთან ერთად გააგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როდესაც ითხოვდა შეწყალების აქტის გამოცემას მისი შვილის სახელზე“ – განმარტა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა მამუკა ხაზარაძეს – ჩვენ 21-ე საუკუნეში მცხოვრები ქალები ვართ, რომლებიც ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობთ
შემდეგი სტატიაქუთაისში მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება – გოგი წულაია