შეწყალებაზე ჩემი გადაწყვეტილება თუ პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მათ ვპირდები, არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს პოლიციისადმი სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება

შეწყალებაზე ჩემი გადაწყვეტილება თუ პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მათ ვპირდები, არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს პოლიციისადმი სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პრეზიდენტის თქმით, შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

„როგორც საზღვარგარეთ ვიზიტის დროს დავაანონსე, შეწყალების აქტის გამოცემის შედეგად შექმნილ ვითარებაზე კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაკეთებდი.

შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება. თუმცა, ჩემთვის ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ჩემს მიერ გამოცემული შეწყალების აქტი, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა.

და ბოლოს, ზოგმა რეაქციამ კითხვის ქვეშ დააყენა პოლიციის ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ამ საკითხზე ჩემი კატეგორიული და ურყევი პოზიციის გამოხატვა, რაც არაერთხელ გამიკეთებია ყველაზე საჭირო მომენტებში.

არაერთხელ განვაცხადე, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენი პოლიციელების ერთგულებაზე და თავდადებაზე არის დაფუძნებული. ამიტომ, თუ ჩემი გადაწყვეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხედებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: 194-ე მუხლი, ფულის გათეთრებაა ახალი ბრალდება
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს