შეწყალება არის ჩემი სუბიექტური გადაწყვეტილება, რომელიც შეცდომას არ გამორიცხავს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ შეწყალების პროცესში შეცდომა იყო დაშვებული, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება, არც რომელიმე სასამართლოს რევიზია, ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური და პერსონალური გადაწყვეტილება.

„ჩავთვალე, რომ საჭიროა, კიდევ ერთხელ თქვენი მეშვეობით მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მისი წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის, როცა საზოგადოება შფოთავს რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებებზე. მინდა, ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის ვინმეს გამართლება, არც რევიზია რომელიმე სასამართლოსი, რაღაც მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება, ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური და პერსონალური გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, მოცემულობისა და შეფასება ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, მაგრამ ადამიანის მიერ, რომელიც არც გამორიცხავს შეცდომას და არც გამორიცხავს, რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმ გარემოებებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე დღეს მორატორიუმი გამოაცხადა.

ამასთან, დღეს დაანონსებული იყო, რომ ბრიფინგს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამართავდა, თუმცა მედიასთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარდგა და განცხადება გააკეთა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაპარლამენტს სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა