შეთანხმება იყო, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია, რადგან ამის გარეშე მარტო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით ბოლომდე ვერ განიმუხტება

შეთანხმება იყო, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია, რადგან ამის გარეშე მარტო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით ბოლომდე ვერ განიმუხტება პოლიტიკური გარემო და წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატები ვერ გადავა ნორმალურ ჭრილში, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, შეთანხმება, რომელიც შედგა, მოიცავდა ორ პუნქტს, ერთი იყო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და მეორე იყო პატიმრებთან დაკავშირებით.

„მე საგანგებოდ არ ვიყენებ სიტყვა პოლიტპატიმრებს, რადგან ტერმინზე ნამდვილად ვერ შევთანხმდით, მაგრამ შეთანხმება იყო იმაზე, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია, რადგან ამის გარეშე, მარტო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით ბოლომდე ვერ განიმუხტება პოლიტიკური გარემო და წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატები ვერ გადავა ნორმალურ ჭრილში. ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, აქვს განცდა, რომ ამ კონკრეტული გვარების უკან დგას პოლიტიკური მოტივი და პოლიტიკური გადაწყვეტილება. შეთანხმება არსებობდა, რომ უნდა მოგვარებულიყო ეს საკითხი და ვწუხვარ, ხელისუფლება სხვადასხვა გზას ეძებს, რომ შეთანხმება დაარღვიოს. თუ დაარღვევენ შეთანხმებას მთლიანად ან ნაწილობრივ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას და საბოლოო ჯამში ქვეყანას“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, შეთანხმების დროს საგანგებოდ იყო მოხსენიებული პრეზიდენტის ინსტიტუტი, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი წვლილი არ ჰქონდა ამ მოლაპარაკების პროცესში.

„ამით მინიშნება გაკეთდა პრეზიდენტისადმი, რომ უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ბერკეტები, მათ შორის შეწყალების მექანიზმიც, ეს ეხებოდა კონკრეტულად უფრო უგულავას, სხვა გვარებზე კი პროკურატურას ჰქონდა მექანიზმები და აქვს დღესაც, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ახლა ზღაპრები, თურმე სასამართლო ხელისუფლებაში და მართლმსაჯულებაში „ქართული ოცნება“ არ ერევა მოუყვნენ შვილებს და მათ მხარდამჭერებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ვერ შეიშნოვა ოპოზიციის მხრიდან სოლიდარობა და წინასაარჩევნო კამპანიზე გადავიდა.

„იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ეკონომიკურ გეგმაზე, რა უშველონ მოსახლეობას, რომელიც შიმშილის ზღვარზეა, ახლა დაუპირისპირდნენ ოპოზიციას და გამალებული საარჩევნო კამპანია დაიწყეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა. მისი თქმით, ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ და სხვა ყველაფერი შესაძლებელია
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში