შეთანხმება არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული – ღარიბაშვილი ბელარუსის კგბ-ზე

პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, შეთანხმება, რომელიც ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან დაიდო, არც საქართველოს და არც ბელარუსის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული. ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა განმარტა, რომ 2016 წელს, როცა შეთანხმება გაფორმდა, დასავლეთის ქვეყნებსა და ბელარუსს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ და სრულ კოორდინაციაში იყვნენ.

“მაშინ ჩვენ ეს ინფორმაცია გავავრცელეთ კიდევაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც განმარტა, რომ არაერთ ევროპულ, დასავლურ ქვეყანას გაფორმებული აქვს ანალოგიური შინაარსის შეთანხმებები ბელარუსთან. 2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფორმა ანალოგიური შინაარსის დაოკუმენტი, შეთანხმება ბელარუსის შესაბამის სამსახურთან. მაშინაც და მერეც ხუთი წელი გავიდა არავის არ გახსენებია საერთოდ. უბრალოდ, როგორც ჩანს, ერთი თვის წინ თვითონ ბელარუსმა ძალაში შეიყვანა ეს შეთანხმება და ისევ ჩვენმა მავნებლებმა და ქვეყნის მტრებმა დაიწყეს მორიგი პროპაგანდა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის გაშავება. ისეთი რაკურსით დაიწყეს ამ ინფორმაციის გაშუქება და გაშვება დასავლეთში, რომ თითქოს რაღაც დიდ არანორმალურ ვითარებასთან გვქონდა საქმე.

რა თქმა უნდა შეთანხმება არც ერთი მოქალაქის, მით უმეტეს ბელარუსის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული. ეს არის ჩარჩო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით და ა.შ”, – ამბობს ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 94 პაციენტია მოთავსებული
შემდეგი სტატიაანა ბიბილაშვილი – მოვუწოდებ ხელისუფლებას, გახსნას მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი