ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გუნდის წევრი მაიკლ კარპენტერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფასებს.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებას თავისუფლად იმოქმედოს საქართველოში.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებას თავისუფლად იმოქმედოს საქართველოში. ის როგორც ეს კანონი მიიღეს, ძალიან გვაწუხებს, რადგან ის ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ”- აცხადებს მაიკლ კარპენტერი.
კითხვაზე, მუშაობენ თუ არა საქართველოს ხელისუფლებასთან, მაღალჩინოსანი ამბობს:
“ძალიან მკაფიონი ვართ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მკაფიოდ გამოხატა მისი პოზიცია, რომ კანონპროექტი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და ხელს უშლის მას გააკეთოს, ის რაც სამოქალაქო საზოგადოებას ძალუძს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების უზრუნველყოფას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად საუბარი. მათ უნდა ჰქონდეთ შეკრების თავისუფლება. სწორედ ეს არის დემოკრატია. ეს კანონი მიდის რუსეთის საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად. საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა”- განმარტავს მაიკლ კარპენტერი.
მაღალჩინოსანი არ მალავს, რომ შეშფოთებულები არიან ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან:
“ჩვენ გვურს, რომ კანონი გაიწვიონ, იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე. მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც მოდის დღევანდელი ხელისუფლებისგან. ვგულისხმობ, თავდასხმებს დასავლეთზე, ომის პარტიაზე საუბარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია. არ ვიცი რას გულისხმობენ ისინი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ამ ტიპის ბრალდებები საჯაროდ – აღმაშფოთებელია. საქართველო დიდი ხანი იყო დემოკრატიის შუქურა რთულ, არადემოკრატიულ რეგიონში. ის რასაც ბოლო დროს ვხედავთ, სამწუხაროდ საპირისპირო მიმართულებით სვლაა. რაც, ღიად რომ ვთქვათ, შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება”- აცხადებს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
მაიკლ კარპენტერს ჰკითხეს, განიხილება თუ არა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება, რაზეც მან თქვა, რომ “განიხილავენ სხვადასხვა სახის ზომებს”.
შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა, ამ კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყნის შიგნით. ეს ორი რამ არ არის თავსებადი”- დასძენს კარპენტერი.
მისივე განცხადებით, უცხოელი აგენტების შესახებ კანონი არის რუსული კანონის მსგავსი და საზოგადოებას არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით.
ჩვენთვის ეს ღრმად შემაშფოთებელია. და თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ კანონის გაწვევაა”- აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.
მისივე თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები. კარპენტერი გარკვევით ამბობს, რომ საქართველო დგას არჩევანის წინაშე:
ის ან წავა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის მიმართულებით, უზრუნველყოფს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების შეუფერხებლად მუშაობას ან ის აამოქმედებს ამ კანონს, რომელიც ეფუძნება რუსეთში მოქმედ მსგავს კანონმდებლობას და რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიის იდეასთან. ეს არის ორი მკაფიო არჩევანი. ასე რომ, მომავალი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. მათი გადასაწყვეტია, კვლავ განაგრძობენ ამ კანონით განსაზღვრულ გზას, თუ დემოკრატიული გზით წავლენ, იმ გზით, რომელზეც მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა და ვუჭერდით მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებით.