დავა Credit Suisse-თან – ექსპერტები ასახელებენ ფაქტორებს, რის გამოც შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა 607 მილიონი ვერ დაიბრუნოს.
ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ “ოცნების” დამფუძნებელს ლონდონის სასამართლოში დავის მოგების შემთხვევაშიც კი ამერიკული სანქციების გამო ძალიან გაუჭირდება 607 მილიონის გადმორიცხვა.
მეორე ფაქტორი კი შესაძლოა თავად ბრიტანეთის სანქციები გახდეს, რომლის დაკისრებაზეც ლონდონში დიდი ხანია საუბარი მიდის.
“დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი არსი ძალიან მაღალი ალბათობა და რისკები ივანიშვილისთვის, რომ ის ამ თანხას რეალურად ვერ მიიღებს. ამის ორი საფუძველია – პირველი ეს არის შარშან დეკემბერში აშშ-ს მიერ ივანიშვილის დასანქცირებისას გამოცემული სპეციალური ლიცენზია, სადაც საუბარია, რომ ივანიშვილს სანქცირებასთან ერთად მას გაეყინა სინგაპურის საამრთლოში მოგებული 400 მილიონ დოლარზე მეტი თანხა და იქვე მითითებულია, რომ სხვა დავებთან დაკავშირებითაც აკრძალულია აღსრულება ივანიშვილის სასარგებლოდ და აქაც რადგანაც მხარეები ფაქტობრივად ერთი და იგივეა, Credit Suisse და ივანიშვილი, შესაძლებელია ეს ლიცენზია ეხებოდეს ამ თანხის გადარიცხვის აკრძალვასაც. მეორე, რაზეც აქტიური საუბარი მიდის, ეს არის თავად გაერთიანებული სამეფოს სანქციები, რომელიც ძალიან რეალისტურია, რომ დაეკისროს ბიძინა ივანიშვილს”, – ამბობს აბესაძე.
ფინანსიტი გიგა ბედინეიშვილი თანხების მიღების დისკვალიფიცირებულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილს თანხების მიღებაზე ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუცია, რომლის ანგარიშზეც აღნიშნული ფულის ჩარიცხვას ეცდება, უარს ეტყვის.
“ჩემი ვარაუდოთ, ივანიშვილს მოუწევს დეზიგნაცია გააკეთოს, რომელ ანგარიშზე უნდა მიიღოს ეს თანხა. ფაქტიურად ამას ვერ შეძლებს, რადგან ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუცია, რომლის ანგარიშზეც ეცდება ამ ფულის ჩარიცხვას, უარს ეტყვის ამ ფულის მიღებაზე, რადგან კონკრეტული ეს რედაქციაა სანქციების და ნახსენებია ამ დისფუთთან დაკაშირებული თანხების მიღება არის დისკვალიფიცირებული. ამიტომ ძალიან რთულ სიტუაციაში იქნება ივანიშვილი”, – ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
გიორგი ხიშტოვანის თქმით კი, ივანიშვილს თანხის დაბრუნების მხოლოდ ის შესაძლებლობა აქვს, რომ ვინმემ აღნიშნული მილიონები ქეშად გადასცეს, რაც წარმოუდგენელია.
“მას და მის ოჯახის წევრებს ფინანსურ ინსტიტუტებში რესურსებზე წვდომა აქვთ შეზღუდული და მე არ მგონია, ვინმემ ეს თანხა ივანიშვილს ქეშად გადასცეს და მან შემდეგ ქეშის სახით ეს თანხა საქართველოში შემოიტანოს”, – ამბობს ხიშტოვანი.
დავა Credit Suisse-თან ფინალში გადის. ლონდონის ბოლო ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილება 24 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს. ივანიშვილი 607 მილიონის დაბრუნებას ითხოვს
















