შერჩევითი სამართლის მაგალითი – ოპოზიცია ლევან ჯიბღაშვილის საქმეს ეხმაურება

არის თუ არა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი – ლევან ჯიბღაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დუმილი ოპოზიციას ეჭვს უჩენს, რომ მსახიობსა და ბიზნესმენს გავლენიანი მფარველები ჰყავს.

უკვე მესამე დღეა, გახარიას და თადუმაძის უწყებები არ ამბობენ, რა ოდენობის და რამდენი სახეობის ნარკოტიკი ამოიღეს ჯიბღაშვილის ავტომობილიდან.

ხელისუფლების ოპონენტები შერჩევით სამართალზე ლაპარაკობენ. მათი თქმით, სხვა შემთხვევებში, როდესაც მცირე რაოდენობის ნარკოტიკზეა ხოლმე საუბარი, სასამართლო ამა თუ იმ პირს წინასწარ პატიმრობას უფარდებს.

„ეს არის შერჩევითი სამართლის ტიპიური მაგალითი, რომელიც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“ და არაერთხელ გვინახავს, იმიტომ, რომ არცერთ სხვა შემთხვევაში, როდესაც გრამებზეა ხოლმე საუბარი, წინასწარი პატიმრობის გამოყენების გარეშე სასამართლო პროცესს არ ჩაუვლია. აქ უკვე აღარ არის საუბარი ეჭვებზე. ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომ ამ ერთი ადამიანის მიმართ არის განსხვავებული მიდგომა, ვიდრე სხვა ანალოგიური ქმედების და ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. მიზეზი, როდესაც საქმე ეხება შერჩევას, ერთადერთია ყოველთვის. ვიღაცის ახლობელია. ფაქტია, მას ჰყავს მფარველი, პატრონი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, როდესაც პირის მიმართ განსხვავებული მიდგომაა გამოყენებული, მას შესაბამისად ჰყავს მფარველი.

„ამ შემთხვევაში არის ძალიან სერიოზული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ნარკოტიკების რაოდენობა არის დასახელებული. იშვიათია პრეცედენტი, შეიძლება არც კი მომხდარა, რომ მსგავსი შემთხვევებისასა ადამიანისთვის არ მიესაჯოთ წინასაწარი პატიმრობა და პირდაპირ ჩანს აქ ეჭვები,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება” – გიორგი კახიანი ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება
შემდეგი სტატიათბილისში ახალი საბაგიროების აშენება იგეგმება