შერჩევითი სამართალია – სალომე სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ბათუმის ინციდენტსა და ირაკლი ფანგანის დაკავებას Facebook-ის პოსტით ეხმაურება. სამადაშვილი, რომელმაც გუშინ აქტივისტი საქციელი გააკრიტიკა, მის დაკავებას შერჩევით სამართალს უწოდებს.

“დაკავებაზე-შერჩევითი სამართალია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს აკავებ ხულიგნობისთვის, მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია 20 ივნისის ღამის ჯალათების და მრავალი სხვა დანაშაული. გაუქმებული, ჩამოშლილი სახელმწიფოს და კანონის პირობებში, საერთოდ ‘კანონიერების’ პრინციპს ეკარგება შინაარსი. ეს არის ის უბედურება, სადამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკურ მორალს კი, შინაარსი ამ პირობებშიც რჩება. მეტიც, საზოგადოების ერთადერთ საყრდენად რჩება. ასე რომ დიახ, არ მომწონს ადამიანის თავზე ურნის დამხობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ის, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი დაკარგული აქვს და კანონიც აბუჩად აქვს აგდებული, ეროვნული კატასტროფაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ზოგადად”, – წერს სალომე სამადაშვილი