შეპირება მივიღეთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლებენ-მამუკა მამულაშვილი იური ლუცენკოსთან საუბრის დეტალებს იხსენებს

“გარკვეული შეპირება მივიღეთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლებენ” – ეს განცხადება, ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა გააკეთა.

მამულაშვილმა გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის გენერალურ პროკურორთან განხორციელებული სატელეფონო საუბრის დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ ლუცენკოს სურდა როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ გიორგი ცერცვაძე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა.

ქართული ლეგიონის მეთაურის თქმით, მან უკვე მიაწოდა უკრაინის მთავარ პროკურორს ოფიციალური წერილი გიორგი ცერცვაძის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ.

დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი წლებია მონაწილეობს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში.

„გავისაუბრეთ გენერალურ პროკურორთან ლუცენკოსთან და მას უნდოდა ზეპირი დასტური ქართული ლეგიონის, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. ზეპირი დასტურის შემდეგ გვთხოვა გამეკეთებინა წერილი ლეგიონის სახელით და დაგვედასტურებინა წერილობით, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.

“საკმაოდ დაინტერესებულია და ზედმეტი პრობლემა მე რამდენადაც ვხედავ არ უნდა შეიქმნას ამ საკითხთან დაკავშირებით იმიტომ, რომ თვითონაც მონდომებულები არიან. მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენც გარკვეული შეპირება მივიღეთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლებენ,“-განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

უკრაინის პროკურატურა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საბოლოო მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ არ შეეწინააღმდეგება გიორგი ცერცვაძის გათავისუფლებას. სასამართლო პროცესი კიევში ხვალ უნდა გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშიმედიის თავისუფლება და ჟურნალისტთა საქმიანობა – ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს
შემდეგი სტატიაბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თბილისის 153-ე ბაღში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო