შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აფრთხილებს

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებს აფრთხილებს.

როგორც სოფიო გორგოძე აცხადებს, აბიტურიენტმა გამოცდაზე გასვლის წინ კარგად უნდა შეამოწმოს საგამოცდო ცენტრის მისამართი და გამოცდაზე გამოცხადების დრო, ასევე, საგამოცდო სივრცეში არ უნდა შეიტანოს აკრძალული ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობები, რაც მისი გამოცდიდან მოხსნის საფუძველი გახდება.

„აბიტურიენტები კარგად უნდა დააკვირდნენ საგამოცდო ბარათს, რომ ზუსტად ნახონ მისამართი და ცენტრში გამოცხადების დრო. წელს გვაქვს ორი სესია შარშანდლისგან განსხვავებით. ამიტომ, სხვადასხვა დრო არის რეგისტრაციის. დილის 8:00 საათი და შუადღისას, 14:00 საათი. მან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი. უნდა მოვიდეს პირბადით და ის გამოიყენოს მთელი მუშაობის განმავლობაში. შეუძლია თან იქონიოს შავი საწერკალამი და წყალი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნივთი, რასაც მოიტანს, ეს იქნება ტელეფონი თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობა, აუცილებლად ჩააბაროს გარდერობში. შევახსენებ მათ, ტელეფონის ან ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში, ან ნებისმიერი მასალის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც შეიძლება დამხმარე მასალად ჩაითვალოს, სამწუხაროდ, გაფრთხილების გარეშე მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან”,- განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კოვიდინფექცია, გორგოძის განმარტებით, ისინი საგამოცდო ცენტრებში არ უნდა გამოცხადდნენ.

„კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში აბიტურიენტი აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზზე. ის არ მობრძანდება საგამოცდო ცენტრში. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ყველა ის პირი, რომელიც აღმოჩნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთიან ბაზაში გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებს, რომელსაც ჩვენ დავინახავთ მას შემდეგ, რაც ინფიცირებიდან 14 დღე გავა”,- განაცხადა გორგოძემ.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8 პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატიატოივო კლაარი – ზაზა გახელაძე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს და თან ძალიან სწრაფად