შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 10 წლის ბავშვი ღრმა კომაში იმყოფება

შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული სამი არასრულწლოვანიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. 10 წლის ბავშვს, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, თავის ტვინი აქვს დაზიანებული.

ექიმის თქმით, მოზარდი უკიდურესად ღრმა კომაში იმყოფება, მას შემთხვევიდან დიდი ხნის განმავლობაში გული ჰქონდა გაჩერებული.

„გული გაჩერებული იყო გაურკვეველი ვადით, ის გაურკვეველი ვადა საკმაოდ დიდი ხანიას იმისთვის, რომ თავის ტვინი დაზიანდეს. რამდენად შექცევადია ან შეუქცევადია, არ ვიცით, ძნელია პროგნოზის გაკეთება. ამ წუთში არის უკიდურესად ღრმა კომა. ტვინის სიკვდილის დიაგნოზის დასმა არ შეიძლება, თავისი პროცედურები აქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, აქეთკენ მიდის,“- განაცხადა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რთველიაშვილმა.

შედარებით მსუბუქია კიდევ ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მათგან ერთს ოპერაცია დასჭირდა.

უბედური შემთხვევა გუშინ გარდაბნის გზატკეცილზე მოხდა. ოთხი მოზარდი თამაშობდა, რა დროსაც, ძველი ქარხნის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საყრდენი კედელი ჩამოიშალა და სამი არასრულწლოვანი ნანგრევებში მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის 102 საარჩევნო უბანს კომისიის 10 წევრი დააკომპლექტებს – პროტესტის ნიშნად კომისია ორმა წევრმა დატოვა
შემდეგი სტატიამერე რა, რომ ბევრს “ვჩხუბობდით” – თამარ სანიკიძე თანამშრომლებს ემშვიდობება