შენიშვნები გათვალისწინებული არ არის – ენმ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მედიასაშუალებებს ვალდებულება არ ექნებათ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სარეკლამო შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია წარუდგინონ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული ვალდებულების თაობაზე ჩანაწერი პროექტში აღარ იქნება.

მისი თქმით, საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, როგორც აუდიტის სამსახურთან ასევე არასამთავრობო სექტორთანაც.

„გვაქვს მთელი რიგი დაზუსტებები, მეტწილად ეს არის ტექნიკური ხასიათის. არსებითად იგივე სახით იქნება წარმოდგენილი მეორე მოსმენით, როგორც იყო პირველ მოსმენაზე. აუდიტის ნაწილში გვაქვს დაზუსტება. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ასევე განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი წინადადებების საფუძველზე, გადავწყვიტეთ, ეს პუნქტი აღარ ავსახოთ საარჩევნო კოდექსში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანონპროექტის მხარდაჭერას ოპოზიცია არ აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განმარტებით, კოდექსში ოპოზიციის და ეუთო-ოდირის რჩევები გათვალისწინებული არ არის.

„ჩვენი შენიშვნების უდიდესი ნაწილი არ იქნება გათვალისწინებული, ისევე როგორც არ იქნა გათვალისწინებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. 27 რეკომენდაციიდან გათვალისწინებულია მხოლოდ სამი მთლიანად, 7 კი ნაწილობრივ. ვერ იქნა აღმოფხვრილი დაშინების, მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ის მავნე პრაქტიკა, რომელიც თან ახლდა ყოველთვის ამ არჩევნებს. ამიტომ ჩვენ ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 23-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაბილეთები ჩვენთან შეუთანხმებლად იყიდება – თურნავა აირზენას აფრთხილებს