„შენების მოძრაობის“ გორის მერობის კანდიდატი, მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი იქნება

„შენების მოძრაობის“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ, გორში მერობისა და საკრებულოს კანდიდატები წარადგინეს.

მოძრაობის ინფორმაციით, მერობის კანდიდატი, გორის რაიონის მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი იქნება, ხოლო საკრებულოს სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი – ტელეკომპანია „თრიალეთის“ მფლობელი ბადრი ნანიტაშვილი.

„დღეიდან, 21 ოქტომბრამდე, „შენების მოძრაობა“ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გორის რაიონის მართვაზე. მოხარული ვართ, რომ „შენების მოძრაობას“ შემოუერთდნენ გორელებისთვის ნაცნობი, საქმეში გამობრძმედილი ადამიანები. ჩვენი მოძრაობის მერობის კანდიდატი იქნება დავით ონიაშვილი, კაცი, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა გორის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ადამიანი, რომელიც პირველი დღიდან იყო პრინციპული, ხალხის მიერ არჩეული გამგებელი. სწორედ ამ პრინციპულობას ვერ პატიობდნენ ამ ხნის მანძილზე მას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მოსახლეობას მიმართა, გორის მერობის კანდიდატმა, დავით ონიაშვილმაც. ონიაშვილმა გორის მოსახლეობას მოუწოდა, რომ გამოიჩინონ მოქალაქეობრივი აქტივობა და დააფიქსირონ თავისი პოზიცია.

”დღეს, სწორედ ეს ადამიანები ვერთიანდებით, რათა, გორის მუნიციპალიტეტის წინსვლას და განვითარებას შევუწყოთ ხელი. ჩემი გამგებლობის პერიოდში დავიწყეთ უამრავი ისეთი პროექტი, რომელიც ეხება ჩვენ მომავალ თაობას. თუ მათ ღირსეული განათლება არ მივეცით, მომავალი იქნება ბუნდოვანი. დღეს, ბევრი გორელი ახალგაზრდა იღებს განათლებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ფუნდამენტალური ღირებულება, სწორედ ახალგაზრდობაა. ჩვენი ქვეყნის მომავალი არის გაბრწყინებული საქართველო და სწორედ ეს ახალგაზრდები იქნებიან, წარმატებული საქართველოს ღირსეული მოქალაქეები“ , – განაცხადა დავით ონიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სილიკონ ველი თბილისი” ოფიციალურად გაიხსნა
შემდეგი სტატიარუსეთმა აფხაზეთს სამხედრო ქონების ნაწილი გადასცა