შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს

newsnews
ავტ.: newsnews მაისი 21, 2020 10:32

შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს

მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს მოხდება. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა. კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ “პროცესები უმართავი არ გახდეს.”

“იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

newsnews
ავტ.: newsnews მაისი 21, 2020 10:32

Google სტატისტიკა


2,313
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics