მიხეილ ჯანელიძე: შემუშავებული გვაქვს ხედვები, რომელსაც წარმოვადგენთ უახლოეს მომავალში

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც საგარეო პოლიტიკის კუთხით პრიორიტეტულია.

ჯანელიძე განმარტავს, რომ ქართული დიპლომატიის გაძლიერებისთვის შესაბამისი რეფორმები გატარდება. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო რეფორმების შესახებ შემუშავებულია კონკრეტული ხედვები, რომელთა საჯარო განხილვაც უახლოეს მომავალში მოხდება.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც არის საგარეო პოლიტიკის კუთხით პრიორიტეტული. პირველ რიგში, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაქსიმალური შედეგების მიღწევა ამ მიმართულებით. ეს არის ჩვენი რეგიონების ქვეყნებთან, მეზობლებთან მჭიდრო კავშირების განმტკიცება, განსაკუთრებით ეკონომიკური კავშირების განმტკიცება და სტრატეგიული პროექტების განვითრება, ხელშეწყობა, იქნება ეს სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითრებას. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენა მსოფლიო მასშტაბით, ჩვენი დიპლომატიის გაძლიერება და ამისთვის გავატარებთ შესაბამის რეფორმებს. ასევე გატარდება ის რეფორმები, რომელიც არა მარტო ჩვენს დიპლომატიას წარმოადგენს ძლიერად მსოფლიო მასშტაბით, არამედ შეუქმნის უკეთეს პირობებს ჩვენს დიპლომატებს, ეს შეეხება მათ გრძელვადიან მივლინებებს და მათი ოჯახის საცხოვრებელ პირობებს. ჩვენ ამ რეფორმების შესახებ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შემუშავებული გვაქვს ხედვები და ამ ხედვებს წარმოვადგენთ საჯარო განხილვისთვის უახლოეს მომავალში”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ქვეყნის წინსვლისთვის მზად ვართ 24 საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცვლილებებს არ გეგმავს