მე შემოვედი არა მარტო მოსანახულებლად, არამედ აღსარებაც ჩავიბარე

“ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მისულმა მამა რევაზ სიხარულიძემ სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება უკვე დატოვა. მან მამა გიორგის აღსარება ჩაიბარა.რაც შეეხება ზიარებას, მისი თქმით, ასეთ ვითარებაში დაკავებული დეკანოზის ზიარება მღვდელმთავრების პრეროგატივაა.

„მე შემოვედი არა მარტო მოსანახულებლად, არამედ აღსარებაც ჩავიბარე. მისი ჯანმრთელობა ძალიან მაწუხებდა. ვისთვის, ეს შიმშილობა იყო, ვისთვის ეს მკაცრი მარხვა იყო – ეს თავად იფიქრონ. ახლა ნორმალურად იკვებება, ნორმალურად გრძნობს თავს. აღსარება ჩავიბარე…ზიარება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგანაც სინოდზე მას შეჩერებული აქვს მღვდელთმსახურება, ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება და ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა“. განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, კვლავ ითხოვს თუ არა დაკავებული დეკანოზი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას, მამა რევაზ სიხარულიძემ აღნიშნა, რომ დაკავებულ დეკანოზს ეს სურს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ეს რამდენად მოხერხდება, ამის თქმა ძნელია.

banner
წინა სტატიაში(video) მგზავრის თვითმფრინავის ბორტიდან ძალით ჩამოყვანის ვიდეომ ჩინელების აღშფოთება გამოიწვია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს