შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ლარსის საბაჟო პუნქტი შეფერხებით რუსული მხარის მიზეზით მუშაობს

რუსეთი ყაზბეგის მიმართულებით სატვირთო მანქანების მიმოსვლას მე-6 დღეა შეზღუდული რეჟიმით ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლარსის გამშვებმა-პუნქტმა ჩვეულებრივზე ორჯერ ნაკლები სატვირთო ავტომობილი გაატარა.

„მეექვსე დღეა შეზღუდვებით ვმუშაობთ იმიტომ, რომ რუსული მხარე არ ატარებს იმ რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რა რაოდენობის გატარებაც შეუძლია ამ საბაჟოს. დღე-ღამის განმავლობაში ზოგადად თუ მოძრაობს 500-600 სატვირთო მანქანა, ახლა 24 საათის განმავლობაში 250-ზე მეტი არ გაატარა. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ არის ტურისტული სეზონი და მათთვის პრიორიტეტულია ტურისტებისა და მსუბუქი ავტომობილების გატარება“, – აცხადებს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი.

მისივე ინფორმაციით, უცნობია, როდის აღდგება საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩვეული რეჟიმით მუშაობა, რადგან რუსული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის.
„როდის აღდგება ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, ამასთან დაკავშირებით არ ამბობენ არაფერს. ჩვენ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა შევთავაზეთ, თუმცა უშედეგოდ,“ – განაცხადა მან.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ გამტარი ზოლებიც შეზღუდულად მუშაობს და ამ დროისათვის საქართველოს მხარეს 600-მდე სატვირთო რუსეთის მიმართულებით გასვლას ელოდება.

„ამ წუთისთვის 600-მდე სატვირთო მანქანა ელოდება გასვლას. არ ვიცით, რა რაოდენობის მანქანებია რუსეთის მხარეს დაგროვილი, რომლებიც აქეთ გამოსვლას ცდილობენ. ჩვენ არანაირი ტექნიკური შეფერხება არ გვაქვს, მაგრამ დამოკიდებული ვართ მეზობელ ქვეყანაზე – რუსეთზე, რომელმაც ჩვენთან ერთად უნდა იმუშაოს,“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე – მოზარდების მკვლელობის საქმის გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას და პროკურორ ზვიად ფხაკაძის ვერსიებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა
შემდეგი სტატიაკობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა