შემოსავლების სამსახური ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს

region
ავტ.: region ივნისი 19, 2020 15:40

შემოსავლების სამსახური ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ვარკეთილის შერეული ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მისი თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დახმარება გაუწიოს 15 ივნისს ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედებისას განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიკაციის მიზნით, ბაზრობის ადმინისტრაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის განხორციელდება შესაბამისი პროცედურები, ხოლო დაზარალებულმა მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ შესაბამისი მოთხოვნით.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ დოკუმენტურად დასტურდება ხანძრის ადგილზე პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი, ამ ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, გადასახადის გადამხდელი ადგენს განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს და 10 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგენს მისივე ავტორიზებული გვერდიდან. აღნიშნულ დოკუმენტს უნდა ერთოდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია“, – განაცხადა ლევან კაკავამ.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები.

region
ავტ.: region ივნისი 19, 2020 15:40