9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

გივი მიქანაძე: შემოგვაქვს ახალი პოზიცია, წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დამატებითი პოზიციაა და არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას

შემოგვაქვს ახალი პოზიცია, წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დამატებითი პოზიციაა და არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების ეროვნულ კონცეფციასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მიქანაძის განმარტებით, წამყვანი პროფესორის პოზიცია შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ-პროფესორებს შეარჩევს.

ამასთან, გივი მიქანაძის თქმით, იგეგმება ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ისე განაწილება, რომ აკადემიური პერსონალის არცერთი წარმომადგენელი არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ პროცესები, რომლებიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება მომავალი თვეების განმავლობაში, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას. იქ, სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტებს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით. აგრეთვე, გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თითოეული ადამიანი, რომლებიც ჩვენთვის ღირებულია, ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და ის დამსახურება, რომელიც მიუძღვით თითოეული უნივერსიტეტის მიმართ.

ამასთან, ჩვენ შემოგვაქვს ახალი პოზიცია, წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დამატებითი პოზიციაა და არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ-პროფესორებს შეარჩევს. რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი და რეორგანიზაციის შესაძლებლობა გახდება კანონიდან გამომდინარე, მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს, საბჭოს შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება. ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით თანაბარ უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. სწორედ ისინი, ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, განახორციელებენ რეორგანიზაციას, რათა ხარისხის გაუმჯობესების და რეფორმის მიზნებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უზრუნველყონ ის აქტივობები, რომლებიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშინახალოვკაში ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაზელენსკის თქმით, ჯერ არ იცის, აპირებს თუ არა მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას