სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია ჩემი ხმის წევრის, ნინო ლომჯარიას თქმით, დამკვირვებლებისგან მიიღეს “უამრავი” შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლები უბანზე, კონკრეტულ რეგისტრატორთან მიდიოდნენ პასპორტით, რომელშიც იდო ფურცელი სხვა ადამიანის პირადი ნომრით.
“შემოდიოდა უამრავი შეტყობინება, რომ კონკრეტულ რეგისტრატორთან მიდიან პასპორტებითო – ეს იყო უცნაური – არა პირადობის მოწმობით, კონკრეტულ რეგისტრატორთან, პასპორტით. სურათიც კი გვაქვს ამისი და ვიდეომასალა, პასპორტში როგორ უდევთ პირადი ნომრები, ფურცელზე დაწერილი. იყო ასეთი ტენდენცია, რომ, სავარაუდოდ, ის სქემა რაზეც ვსაუბრობდით, პირადი ნომრები რაში სჭირდებოდათ, რეგისტრატორს ხელით შეჰყავდა პირადი ნომერი არა იმ ადამიანის, არამედ ვიღაცის. […]
ეს დარღვევები ხსნის წინასაარჩევნოდ რატომ მიიღოს ეს გადაწყვეტილებები. არის რეგისტრატორი, რომელიც დანიშნეს… შეცვალეს კანონი, საერთოდ უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს და ერთი კვირით ადრე გამოავლინეს. იყო მათი პირი და, შესაბამისად, მათ იცოდნენ კონკრეტულად რომელ ადამიანთან მივიდოდა უკანონო, გაყალბებული, ან სხვისი პირადობის მოწმობით. ეს სქემა მათ იცოდნენ წინასწარ”. – თქვა ლომჯარიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.
ამას გარდა, ლომჯარიას თქმით, “უპრეცედენტოდ მაღალი მასშტაბი იყო მოსული ამომრჩევლის მარკირების შეუმოწმებლობის”.
“მარკირების განუხორციელებლობის და შეუმოწმებლობის შესახებ 347-ჯერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, ოღონდ, ეს არ ნიშნავს 347 შემთხვევას. ეს ნიშნავს, რომ 347-ჯერ შეგვატყობინა ჩვენმა 1 200-მა დამკვირვებელმა, რომ სისტემურად, მათ შორის, ხუთჯერ და მეტჯერ, მრავალჯერადად, საათების განმავლობაში ხდებოდა მარკირების პროცესის დარღვევა.
შემოდიოდა ამომრჩეველი, რომელსაც არ უმოწმებდნენ, იყო თუ არა არჩევნებზე და არ უკეთებდნენ მარკირებას, რომ წასული მეორეჯერ არ შემოსულიყო. […]
ამის შემდეგ რა ხდებოდა. მოქალაქე მიდის რეგისტრატორთან, რომ პირადობა გადასცეს და გადაამოწმოს რეგისტრატორმა, არის თუ არა სიაში. აქ გვქონდა ყველაზე ბევრი პრობლემა. დამკვირვებლებს არ აძლევდნენ უფლებას დაკვირვებოდნენ ვერიფიკაციის პროცესს, მდგარიყვნენ ახლოს და დაეფიქსირებინათ, ნამდვილად ეს ამომრჩეველი იყო თუ არა სიაში”. – თქვა ლომჯარიამ.