„შემდეგი თვეები არის გადამწყვეტი. ესენი არიან ჩამოსაშორებლები”-სააკაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა

ეს არის პრელუდია საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მასთან სახლში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და აღნიშნა, რომ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა და ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.

„შემდეგი თვეები არის გადამწყვეტი. ესენი არიან ჩამოსაშორებლები. ესენი უნდა ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან გუშინ, გუშინ წინ, სამი თვის წინ, ერთი წლის წინ, ხვალაც შეიძლება არ იყოს გვიან. მოსაშორებლები არიან ყველა მორალის ფარგლებში დასაშვები მეთოდით. მივმართავ ყველას, რეალურად აქ წყდება საკითხი, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც იძახის შემდეგი მე ვარო. მინდა ყველას გვესმოდეს, სად ვართ. გუშინ ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ, რომ სამშობლოს ვკარგავ. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი ქვეყანა, ზუსტად ვიცი, რომ იქნება წარმატებული, არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას. უნდა ვიყოთ მშვიდები, რუსებს საბაბი არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის და არც სუვერენიტეტის გაუქმების. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს აკეთებს 2019 წელს“, – განაცხადა ახალგაზრდებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა.

მან ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ხვდება, რომ არჩევნებს წააგებს და ახლა მხოლოდ დიქტატურის დამყარებაზე ფიქრობს. ის ასევე შეეხო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ ფაქტით დასავლეთი ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

„ივანიშვილის ინტერესი რა არის?! ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნები და ყველაფერი წაგებული აქვს, რაც არ უნდა ყირაზე დადგეს და ბარემ ბოლომდე გამოაცხადებს დიქტატურას. პრემიერად დანიშნა გახარია, რომელიც ღია აგენტია რუსეთის. ამერიკელებმა უთხრეს, არ დანიშნოთო, შემთხვევითი ხომ არ არის, ამერიკის ელჩი დანიშნეს მეორე დღეს, რაც გახარია წამოაყენეს. ძალიან მაღალ ტონში იყო საუბარი ამერიკის და ივანიშვილის წარმომადგენელებს შორის ამ თემაზე, რას აკეთებთ, თქვენ გიჟები ხომ არ ხართო, მაგრამ ეს ივანიშვილისთვის სულერთია. ივანიშვილისთვის ახლა მთავარია გადაირჩინოს თავი, ფიზიკურად, გადაირჩინოს თავი ქართველი ხალხისგან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა ახლა გადამწყვეტ ფაზაშია და უნდა გაირკვეს ვინ გაიმარჯვებს „ჩვენ თუ ისინი“. ყოფილი პრეზიდენტი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ს საელჩოსთან მიმდინარე აქციასაც შეეხო და განაცხადა. რომ აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიამ სიტყვა პატრიოტი „გააბანძა“.

„ჩვენ უნდა გავხდეთ ნომერ პირველი რეფორმატორი, ისევ ყველაზე წარმატებული ქვეყანა. სიტყვა ოცნება მოგვპარეს, იმედი გაგვიბანძეს, „რუსთავი 2“- ი გააბანძეს. აღარ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, რაღაც კოდირებული სიტყვები უნდა გამოვიყენოთ რადგან კლასიკური სიტყვები მოგვპარეს და გაგვიბანძეს. ირმა ინაშვილმა გაგვიბანძა სიტყვა „პატრიოტი“, როგორ შეიძლება საქართველოს პატრიოტი იყოს ამერიკის საელჩოსთან აქციაზე. ჩვეულებრივად ღიად ხელში ჩაიგდო მეხუთე კოლონამ ძალაუფლება. ეს მხოლოდ პრელუდიაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, ბოლომდე შევასრულოთ ახლა, ან ჩვენ ან ისინი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანაკლიას სჭირდება პასუხისმგებლიანი კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის პორტის პრობლემა – გახარია
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლებში 302 პირველკლასელი იწყებს სწავლას