შემატყობინეს, რომ ფარულად მისმენდნენ და არაფერი საინტერესო არ აღმოჩნდა – ნიკა გვარამია სუს-დან გამოსვლის შემდეგ

რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა სახელმწიფო უსაფრთხოების შენობა დატოვა. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ გამომძიებლებისგან შეიტყო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა მიმდინარეობდა.

„მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა. არაფერი საინტერესო არ იქნა აღმოჩენილი და ეს შემატყობინეს იმიტომ, რომ საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ამ შეტყობინების გაკეთებას,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქმის მასალების მოცულობითობის გამო, ნიკა გვარამია და მისი უფლებადამცველი მხოლოდ განჩინებას და გარკვეულ მასალებს გაეცნენ.

„გამოძიება მიმდინარეობს, რას დაადგენს და როგორ დაადგენს გამოძიება, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის მთავარი ფიგურანტი არის მესამე პრეზიდენტი, სააკაშვილი და ის საქმეები, რომელიც აქ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არის ეკონომიკური ხასიათის და მათ საფუძველზე უკრაინიდან მისი ექსტრადაცია არის შეუძლებელი, არ არის გამორიცხული, რომ მას წარუდგინონ ბრალი ისეთი ტიპის საქმისთვის ანუ მძიმე ბრალდებისთვის, რომელიც მისცემს უკრაინის ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ სააკაშვილის ექსტრადიცია მოახდინოს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ ასევე რუსთავი2-თან დამონტაჟებული კამერების შესახებაც ისაუბრა და განაცხადდა, რომ “რუსთავი2 არის ხელისუფლებისთვის ნომერ პირველი მტერი და ამიტომ მას უთვალთვალებს“.

ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია სუს-ში დღეს 17:00 საათზეა დაბარებული.

banner
წინა სტატიაშიშეიძლება, ის აღარ სჭირდებათ – ქრთამის ფაქტზე საკრებულოს დეპუტატის დაკავებას ოპოზიცია ეხმაურება
შემდეგი სტატიარუსეთისთვის სტიქიის ლიკვიდაციაში დახმარების მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა, თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა