შემაშფოთებელია, რომ საია-ს წევრი, თამარ ონიანი BBC-ის ფილმთან დაკავშირებით გამოკითხეს – ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევებზე შეშფოთება არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენებად ჩაითვალოს
შემაშფოთებელი ამბავი მესმის იმის შესახებ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი, თამარ ონიანი BBC-ის დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. გუშინ ის მოსამართლემ მოწმის სახით დაკითხა. ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ შეშფოთების გამოხატვა არ შეიძლება „სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენებად“ ჩაითვალოს“, – წერს მერი ლოულორი X-ზე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი, თამარ ონიანი, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ გამოიკითხა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

















