აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, „მშვიდობიანი მოსახლეობა ამ ომის ტვირთის ტარებას აგრძელებს“.
„შემაძრწუნებელი ამბავი ღამით უკრაინის რამდენიმე რეგიონში მომხდარი თავდასხმების შესახებ, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. კერძოდ, დობროპილიაში მაშველთა პირველ ტალღაზე ორმაგი დარტყმა განხორციელდა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მშვიდობიანი მოსახლეობა აგრძელებს ამ ომის ტვირთის ტარებას“, – წერს ბრიჯიტ ბრინკი X-ზე.
ინფორმაციისთვის, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტია დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიას. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის 7 ბავშვია.