პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში საჯარო პოზიცია ექნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხატია დეკანოიძის თქმით, გარდა ამ საკითხისა, შეხვედრაზე ისაუბრეს სხვა თემებზეც, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციასა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მისი პოზიცია მოვისმინეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. პირადად მე დავუსვი კითხვა მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით. ალბათ პრეზიდენტიც რამდენიმე დღეში ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ასევე გაიზიარებს მოსაზრებებს სხვადასხვა მედიაპლატფორმებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ადმინისტრაცია ძალიან მჭიდრო კონტაქტშია ევროპელ კოლეგებთან. ზოგადად, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ძალიან სწორ პოზიციაზეა კანდიდატის სტატუსთან, საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. სწორ პოზიციაზეა, როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების განწყობა, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობაზე, აქტიურობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. რაც შეეხება ვიზიტების გაგრძელებას, ამ კითხვაზე მისი პასუხი იყო, რომ რამდენიმე დღეში გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას. არ გვისაუბრია საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ყველამ ვისაუბრეთ, რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა, რათა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დაჩქარდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.