შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

img_0600საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 38-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა.

მხარეებმა შეაფასეს 37-ე რაუნდის შედეგები და ისაუბრეს მომდევნო რაუნდზე განსახილველ საკითხებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესზე. საქართველოს წარმომადგენლებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია აფხაზეთის რეგიონში ერთობლივი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე, რაც მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევად შეფასდა.

ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციის პროცესსა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე. ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების აღმართვის, გამშვები პუნქტების შემცირების, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების მიუღებლობას, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. შეხვედრაზე კვლავ დაისვა სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაუყოვნებლივ დაკავების საკითხი. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ოკუპირებულ აფხაზეთში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა ქართველებისათვის და ამ პრობლემის დროული გადაწყვეტის აუცილებლობა. ქართულმა მხარემ დააყენა აგრეთვე საოკუპაციო ხაზზე სკოლის მოსწავლეთა შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფის საკითხი, რათა მათ, ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე, შეძლონ განათლების მშობლიურ ენაზე მიღება საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ადგილზე მიმდინარე საგანგაშო პროცესების ფონზე საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და მისი შესრულების აუცილებლობას, რაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნით. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობების არსებითი განხილვის აუცილებლობაზე ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის მზაობა და იმედი გამოთქვეს, რომ დანარჩენი მონაწილეები ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან პროცესს.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 38-ე რაუნდი გაიმართება 2016 წლის 13-14 დეკემბერს.

banner
წინა სტატიაშიროგორ აკეთებს სახელმწიფო ფულს მკაცრი ნარკოპოლიტიკით
შემდეგი სტატიაგალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა