შეხვედრა ბელორუსის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ 27 აგვისტოს, ბელორუსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ბელორუსში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, შეხვედრას საგანგებოდ ესტუმრნენ მინსკს გომელიდან, გროდნოდან და მაგილიოვიდან. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელორუსის რესპუბლიკაში – დავით კოტრია. შეხვედრაზე გელა დუმბაძემ ისაუბრა აპარატის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მან დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, გააცნო ახალი სამთავრობო ეკონომიკური პროგრამები. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარებაში, მათ მიერ უცხოეთში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების თანამემამულეთათვის გაზიარების მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრი გაეცნო ბელორუსში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობას და უპასუხა ჩვენი თანამემაულეების შეკითხვებს. 27 აგვისტოს გელა დუმბაძე დაესწრო ქ. მინსკში გამართულ „თბილისობის“ დღესასწაულს, რომელიც მინსკში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის – ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მამულისა” და ბელორუსიაში „ბორჯომის“ წარმომადგენლობის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. „თბილისობის“ დღესასწაულის ოფიციალურ ნაწილში გელა დუმბაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ორი ერის დაახლოებასა და როგორც კულტურული, ისე – ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, არა მარტო დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, არამედ მათ მომზადებაშიც მიეღოთ მონაწილეობა. მათ დიდი ინტერესით დაათვალიერეს ქართული ეთნოგრაფიული ნაწარმი, რომელიც წარმოდგენილი იყო ღონისძიებაზე. დღესასწაული დაამშვენა ქ. მინსკში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლის – „მზიანი საქართველოს“ მიერ შესრულებულმა ქართულმა ეროვნულმა ცეკვებმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს მარიამობაა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი მარიამობას ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეხვდა