შეხვედრა ამერიკის კომერციის მდივანთან

საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის კომერციის მდივანმა უილბურ როსმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ დადებით ბიზნესგარემოზე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე. ითქვა, რომ ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებში პოზიტიურ პოზიციებს იკავებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკული ბიზნესწრეების ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
კომერციის მდივანთან შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ პროექტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიების მონაწილეობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და სასტუმრო ბიზნესით ამერიკული კომპანიების დაინტერესებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ძალისხმევისადმი – გარდაიქმნას ბიზნესის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონულ ცენტრად.
პრემიერ-მინისტრმა უილბურ როსს მადლობა გადაუხადა იმ პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომელიც კომერციის დეპარტამენტს წლების მანძილზე საქართველოსთან აკავშირებს.
ვაშინგტონში, კომერციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: თორმეტი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება “ოცნების” მიერ მომზადებული ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება
შემდეგი სტატიაიარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ფოთში ხუთი პირი დააკავეს