“შეისწავლონ, ხომ არაა დანაშაული ჩადენილი სიძულვილის მოტივით” – SJC შსს-ს მიმართავს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისში ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის, მკვლელობას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს საქმის სრული და სამართლიანი გამოძიება უზრუნველყოს.

SJC-ი წერს, რომ პოლიტიკურ რიტორიკაში სიძულვილის ენის გამოყენებასა და სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თითქმის ერთი წელია, რაც ქართული ოცნების ხელისუფლება აგრესიულად იყენებს ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ენას და მისი კულტივირება პროპაგანდის მასობრივი იარაღით ხდება.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, “პოლიტიკური ჰომო/ბი/ტრანსფობია ხელისუფლების ოფიციალურ დისკურსსა და იდეოლოგიად იქცა, რაც ყველაზე ნათლად ანტი-ლგბტი ფაშისტური კანონმდებლობის მიღებაში გამოვლინდა. ცხადია, სიძულვილის პოლიტიკა იწვევს მძიმე შედეგებს – ლგბტქი ადამიანების ჩაგვრას, მარგინალიზაციას და მათ მიმართ ძალადობას. კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე ამ მძიმე საერთო კონტექსტის გარეშე ვერ აღიქმება”.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს შეეცდებიან.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო დამნაშავე მოკლული ქალის მეგობარი კაცია, რომელმაც მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ამასთან ერთად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი სავარაუდოდ ყოფილი პარტნიორის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა, რაზეც პოლიცია ინფორმირებული იყო, და გარკვეული დროით კესარიას ქვეყნის დატოვებაც მოუწია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, უზრუნველყონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების განხორციელება საქმეზე, მათ შორის:

გამოძიების ფარგლებში შეისწავლონ, ხომ არ არის დანაშაული ჩადენილი სიძულვილის მოტივით (ტრანსფობიური მოტივით) და უზრუნველყონ მოტივის გამოკვეთა სავარაუდო დამნაშავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში;
საქმის გამოძიების პარალელურად, მნიშვნელოვანია, გამოიკვლიონ, ხომ არ უძღოდა წინ მსხვერპლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები, და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ ქმედებებზე სათანადო რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს
შემდეგი სტატიაშსს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს