ევროპის სამეცნიერო ჩართულობის ასოციაცია (EUSEA) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.
“ევროპის სამეცნიერო ჩართულობის ასოციაცია (EUSEA) მწუხარებასა და შეშფოთებას გამოხატავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ცვლილებების გამო, რომელიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე გავრცელებული უფრო ფართო პროცესის ნაწილია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი EUSEA-ს მრავალწლიანი წევრია. ასოციაციის ბევრ წევრს კარგად ახსოვს, როგორ უმასპინძლა 2024 წელს უნივერსიტეტმა ჩვენს ყოველწლიურ კონფერენციას, როგორ დაგვახვედრა უნივერსიტეტმა ენერგიული და სტუმართმოყვარე გარემო, რომელშიც თავი მოიყარა ევროპიდან და სხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა 100-ზე მეტმა მონაწილემ.
ამ კონფერენციის ფარგლებში და სხვა საკითხებშიც ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობამ, მათ შორის NUCLEUS-ის “პასუხისმგებლიანი კვლევისა და ინოვაციის” პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა საქმიანობამ, ნათლად გამოკვეთა, რომ უნივერსიტეტი წარმოადგენს აკადემიური თავისუფლებისა და დისციპლინათაშორისი მიდგომების მნიშვნელოვან კერას, რაც სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის საფუძველს ქმნის.
მრავალი ქვეყნის მსგავსად, აქაც შეინიშნება შემაშფოთებელი ტენდენცია პარტიულ დღის წესრიგებსა და საგანმანათლებლო სივრცეებს შორის გადაჯაჭვულობისკენ, რაც საფრთხეს უქმნის ღია კვლევის, ცოდნის შექმნისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შედეგების ფუნდამენტურ პრინციპებს.
EUSEA, რომელიც ინკლუზიურობის, რეფლექსიური პრაქტიკისა და თანამშრომლობის ღირებულებებზე დგას, ამ ძნელ პერიოდში სრულ მხარდაჭერას უცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს”,_ ნათქვამია განცხადებაში.


















