შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ – თადუმაძე

შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ – ამ სიტყვებით გახსნა პროკურორთა კონფერენცია გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ. ღონისძიებაზე საპროკურორო საბჭოს ცხრა ახალი წევრი უნდა აირჩიონ, რომელსაც ოთხწლიანი ვადა ეწურება.

„საპროკურორო საბჭო არის ინსტიტუტი, საქართველოს პროკურატურისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ წევრს, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ვადაში ძალიან ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობა განახორციელა. მინდა, წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში, თუმცა კანონი ითვალისწინებს შესაბამის ვადას და ეს ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, დღეს ვიკრიბებით, რათა ავირჩიოთ ახალი წევრები. იმედი მაქვს, რომ ახალი კონსტიტუციის და ახალი კანონმდებლობის ფარგლებში საპროკურორო საბჭო იქნება ძალიან წარმატებული და ეფექტიანი.

საპროკურორო საბჭოს ფუნქცია თითოეული პროკურორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც კონსტიტუციით პროკურატურა არის ძალიან დამოუკიდებელი ორგანო. საბჭოს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს მენეჯმენტზე ზედამხედველობა, ასევე უფლება აქვს, თითოეული პროკურორის კარიერულ წინსვლაში მიიღოს მონაწილეობა. კარიერული პროკურორის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის ხარისხის შენარჩუნებას და ყოველგვარი გარე და შიდა ფაქტორებისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ის გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ პარლამეტში მოსმენას და პროკურორებს მიმართა.

„ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა თადუმაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე “ლელოს” კიდევ 12 ლიდერს წარადგენს
შემდეგი სტატიაბატონ პროკურორს უთქვამს , ,,დიდოსტატის მარჯვენა” არ არსებობსო