„შეიძლება „ქართული ოცნების“ ფსიქოლოგიურმა შტურმმა და ივანიშვილის გამოსვლამ ითამაშა როლი” – გოცირიძე პრეზიდენტის მოხსენებაზე

„შეიძლება ითამაშა როლი „ქართული ოცნების“ ფსიქოლოგიურმა შტურმმა და მათ ფსიქოლოგიურად დააშინეს, შეიძლება ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამაც,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი შეფასებით, მარგველაშვილმა მოხსენებაში რამდენიმე სწორი აქცენტი დასვა, თუმცა მთლიანობაში არ გამოჩნდა ის შედეგი, რაც არის ქვეყანაში.

რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის წინა გამოსვლები საკანონმდებლო ორგანოში ბევრად უფრო მკაცრი იყო, ვიდრე დღევანდელი.

„აბსოლუტურად არცერთი სიტყვით არ არის ნახსენები ის მთავარი სენი, რომელიც საქართველოს ახასიათებს, რომელმაც გამოიწვია ეკონომიკის ჩამოშლა და დემოკრატიული პროცესებიდან უკან დახევა. ეს არის არაფორმალური მმართველობა, ქვეყნის კულისებიდან, ჩრდილოვანი მართვა… სად არის ამ მოხსენებაში ივანიშვილის როლი?“- აღნიშნა გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრის თქმით, თუ მარგველაშვილს დიდი პოლიტიკური გეგმები აქვს, საპარლამენტო ტრიბუნა სხვანაირად უნდა გამოიყენოს.

„მისი ბოლო გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლას დაემთხვა და ეს კონტექსტი მას უნდა გამოეყენებინა, ამან დააშინა თუ გაამხნევა საბოლოოდ მის ბოლო დასკვნაში დავინახავთ, დიდი პოლიტიკური ამბიციის ეს ტრიბუნა სხვანაირად უნდა გამოიყენოს,“- აღნიშნა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლაში ხელისუფლების მიმართ დიდი კრიტიკა ვერ დაინახა. ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მარგველაშვილის ანგარიშში მედიაგარემოზე სუსტი შეფასება იყო.

banner
წინა სტატიაშივისურვებდი პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო და ესაუბრა იმაზე, თუ რამ მოიტანა ეს პრობლემები – ბაქრაძე მარგველაშვილის მოხსენებას აფასებს
შემდეგი სტატიასომხეთში მმართველმა პარტიამ ოპოზიციონერი კანდიდატისთვის მხარდაჭერა გადაწყვიტა