„შეიძლება ნატო-ს მე-5 მუხლს გამოცდის ჩაბარება მოუწიოს“

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, კანადაში ვიზიტის ფარგლებში ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის და რუსეთ-საქართველოს ომები, სირიაში შექმნილი ვითარება, ტერორიზმი და პრობლემების რუსეთთან ერთად გადაწყვეტის გზების ძიების მართებულობა იყო. ამ თემებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ფორუმზე მიწვეულ აუდიტორიას საკუთარი ხედვები გაუზიარა.

“ყოველთვის, როცა ქართველები ამბობდნენ, უკრაინა იქნება შემდეგი, დაგვცინოდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ ხალხი, აკვიატებული იდეებით… სამწუხაროდ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მართლები ვიყავით“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

მინისტრის თქმით, თუ ცივილური სამყარო უკრაინაშიც დამარცხდება, მაშინ შემდეგი გამოწვევა უფრო დიდი, მტკივნეული და დამანგრეველი იქნება. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რუსეთი ევროპას გამოცდას მისთვის ყველაზე უხერხულ გეოგრაფიულ არელაში მოუწყობს.

„მათ ეს განხორციელეს ყველგან – პატარა თუ უფრო მოზრდილ ქვეყანაში – ნატო-ს საზღვართან, უკრაინაში, მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ევროპის ცენტრში… თუ ვინმეს შეეძლო და ამბობდა, რომ საქართველო არ არის ასეთი ადგილი, რომ ის ევროპაც კი არ არის, დღეს, რუსეთი უკვე აქ არის, ძალიან ახლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეზობლად, ნატო-ს მეზობლად… თუ ჩვენ ყველანი, იქ (უკრაინა, სირია), დავმარცხდებით, მაშინ რუსეთის შემდეგი ცდა იქნება უფრო მასშტაბური და დიდი. დარწმუნებული ვარ, ისინი მე-5 მუხლის ბარიერის გადაკვეთას ეცდებიან, რათა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ გამოწვევა გამოგიგზავნონ ზუსტად იქ, კარის ზღურბლზე და დაელოდებიან თქვენს რეაქციას“, – განაცხადა ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თქმა იმისა, რომ სირიის პრობლემის გადაჭრა მსოფლიოს რუსეთის გარეშე არ შეუძლია, როგორც ეს ბევრი ევროპელი ლიდერისგან ისმის, მოსკოვისთვის სუსტი და არასწორი მესიჯის გაგზავნის ტოლფასია. მინისტრის აზრით ეს ვლადიმერ პუტინს მხოლოდ აძლიერებს, რადგან კრემლში მესიჯების აღქმა განსხვავებულია.

„ეს იქნება ღია მოსაწვევი რუსეთისთვის. კრემლში თქვენს ამ გზავნილს სხვაგვარად აღიქვამენ. თუ ისინი თქვენს ტერიტორიაზე გამოგიგზავნიან ამ გამოცდას, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხის გაცემას. იმიტომ, რომ თქვენ არ იქნებით საკმარისად კარგი და ძლიერები მარტო მათ გარეშე“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი გერმანიის მიმართულებით გადაადგილდება
შემდეგი სტატია„ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიტოვებული ვართ, უფალი ჩვენთანაა“