შეიძლება დაუშვა დაბალი საარჩევნო ბარიერი, რომ პარლამენტში მეტი პოლიტიკური ჯგუფი შევიდეს, მაგრამ თუ სამუშაოს საბოტაჟი და დაპირისპირება ჩაანაცვლებს, სტანდარტული – 5%-იანი ბარიერი სჯობს – ვოლსკი

შეიძლება დაუშვა დაბალი საარჩევნო ბარიერი, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ჯგუფი შევიდეს, მაგრამ თუ სამუშაოს საბოტაჟი და დაპირისპირება ჩაანაცვლებს, რა საკვირველია, სტანდარტული – 5%-იანი ბარიერის დატოვება სჯობს, – ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, როცა მმართველმა პარტიამ ნაბიჯი დაბალი ბარიერისკენ გადადგა, პარლამენტში მეტი პოლიტიკური პარტიის, პლურალიზმისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზანი ამოძრავებდა.

მისივე განცხადებით, შეიქმნა სიტუაცია, როცა დაბალპროცენტიანი პარტიებიდან წარმატება პოვეს მათ, ვინც “ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით არსებობს და “ნაციონალური მოძრაობისგან“ არაფერი განასხვავებს.

“სატელიტმა პარტიებმა “ნაციონალურ მოძრაობას“ მის გარშემო არა თუ გარკვეული პლურალისტური ველი შეუქმნა და აზრთა სხვადასხვაობა შემოიტანა, არამედ პირიქით – უფრო გააძლიერა. არსებობს კიდევ სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც თავი დაიმკვიდრეს და ავტორიტეტიც აჩვენეს.

5%-იანი საარჩევნო ბარიერი არც “ნაციონალური მოძრაობასა“ და არც “ქართულ ოცნებაზე“ მორგებული არ არის – ეს ძალიან კარგი საერთაშორისო სტანდარტია, როცა რეალურად მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიები იმკვიდრებენ ადგილს პარლამენტში, მაგრამ თუკი 2%-იანი ბარიერი მოგვიტანს დეპოლარიზაციას, რატომაც არა – იყოს ბარიერი 2%, მაგრამ იმ წინაპირობით, რომ დეპოლარიზაციის ნიშნები დაეტყოს რომელიმე ორგანიზაციას, ვინც დღეს რადიკალურ ფრთაზე დგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია, არის მოტივაცია, რომ გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები – ავსტრიის კანცლერი
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ უაზრო ფორმულა შემოგვთავაზა – გოცირიძე