შეიძლება, ის აღარ სჭირდებათ – ქრთამის ფაქტზე საკრებულოს დეპუტატის დაკავებას ოპოზიცია ეხმაურება

ქრთამის ფაქტზე საკრებულოს დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის, დაკავებას ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ზურაბ ნეფარიძე 2012 წლამდე თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

„მაშინ, როდესაც 2012 წლამდე ეს ადამიანი თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევი იყო, ქართული ოცნების უმრავლესობამ მოსვლისთანავე პოლიტპატიმრის სტატუსით მიანიჭა თავისუფლება. ამ ყველაფრის მერე გახდა საკრებულოს წევრი და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ 2015 წელს ბატონ ნეფარიძეს ედავებოდა ერთ-ერთი ბიზნესმენი აგრეთვე თანხის გამოძალვაში, დღეს აღმოჩნდა ბატონი ნეფარიძე დაკავებული. ეს არის ზოგადად ქართული ოცნების პრობლემა. ეს არის ქართული ოცნების ხელწერა,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარინა დათუკიშვილმა.

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ ზურაბ ნეფარიძე საკრებულოში ქართული ოცნების აზრის გამტარებელი იყო და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ გადაწყვეტილებებს ეთანხმებოდა.

„ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ქართული ოცნება მხარს აძლევდა, ნეფარიძე მხარს უჭერდა. არცერთი ოპოზიციური, მათ შორის ფორუმის გადაწყვეტილებსა და ოპოზიციური ფლანგის ინტერფრაქციულ ქმედებებზე ნეფარიძეს მონაწილეობა არ მიუღია. ცხადზე ცხადია, რომ ის მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო. დღეს შეიძლება, ის აღარ სჭირდებათ და ამიტომ მოხდა მისი გამოყვანა, როგორც განტევების ვაცი,“ – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, მამუკა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო
შემდეგი სტატიაშემატყობინეს, რომ ფარულად მისმენდნენ და არაფერი საინტერესო არ აღმოჩნდა – ნიკა გვარამია სუს-დან გამოსვლის შემდეგ