შეგნებულად წარდგენილი ყალბი ხელმოწერები – “გირჩი” საარჩევნო კოდექსის ხარვეზებზე საუბრობს

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი “გირჩმა” არა საჯაროდ გაყალბებული ხელმოწერების, არამედ ტექნიკური ხარვეზის გამო მიიღო. “გირჩის” თავმჯდომარე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და ახსნა-განმარტებებს ითხოვს, კერძოდ, სიების შემოწმებისთვის რა მეთოდლოგია გამოიყენა კომისიამ.

ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ, ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ “ცესკოში” შეგნებულად წარადგინეს ყალბი ხელმოწერები. “გირჩის” წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, იმისთვის რომ არჩევნებზე დარეგისტრირდნენ, სწორედ ამგვარ ხელმოწერებს წარადგენენ ცესკოში.

გირჩში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კოდექსს ხარვეზი აქვს და შესაცვლელია მეთოდოლოგია. მეთოდოლოგიის შეცვლის მიზნით კი, მათ აღნიშნულ ხერხს მიმართეს.

„ტექნიკური, აბსურდული მიზეზები დაუდეს საფუძვლად იმას, რომ ხელმოწერების რაოდენობა ჩაეთვალათ ბათილად. ჩვენ მიერ წარდგენილ ამ თავიდან ბოლომდე ყალბ ხელმოწერებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იპოვა 13 ნამდვილი ხელმოწერა. ეს პროცედურა ჩვენ გავიარეთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა, თუ როგორი სიყალბით არიან დაკავებული საქართველოში პოლიტიკური პარტიები. მეორეს მხრივ, ვცადეთ გვეჩვენებინა თუ რამდენად იდიოტურია ეს სახელმწიფო რეგულაციები, რომლებიც ავალდებულებს პოლიტიკურ პარტიას, ასეთი ხელმოწერების წარდგენას,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ მიერ წარდგენილი ხელმოწერები საარჩევნო კოდექსის კანონმდებლობის შესაბამისად შევსებული არ იყო.

ცესკოში აცხადებენ, რომ ნამდვილად მხოლოდ 13 ხელმოწერა ჩაითვალა, ხოლო დანარჩენი კი ბათილად იქნა ცნობილი.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს დადგენილებით დადგენილი, სპეციალური ბლანკის ნიმუში. ეს ნიმუში გადაეცემა პარტიას, შევსების წინ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას, მათ შორის, “გირჩსაც” გადაეცა ამ ბლანკის შევსების წესი, სადაც დეტალურად არის მითითებული არა მხოლოდ შევსების წესი, არამედ შემოწმების მეთოდოლოგიაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბათილად იქნა ყველა ის ხელმოწერა, სადაც პასუხისმგებელი პირის მიერ, ხელმოწერილი დოკუმენტაცია იყო არასწორად მითითებული ან პასუხისმგებელი პირის მიერ, მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას,“ -განმარტავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე.

banner
წინა სტატიაში„ახალი საქართველო“ ქალებისა და მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის გათანაბრებას ითხოვს
შემდეგი სტატიადღეს, „იბერიაზე“ სასულიერო პირის დაუმონტაჟებელი ინტერვიუ გავა