“შეგიძლიათ თქვათ, რომ არ გაკმაყოფილებთ ჩემი პასუხი, რა ხდება დაკითხვაა?” – შელაპარაკება ბოკერიასა და კვირიკაშვილს შორის

მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა უმცირესობასთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, რატომ ვერ მოახერხეს ერთი წლის განმავლობაში მინისტრებმა, რომელიც ოპოზიციამ პარლამენტში დაიბარა, საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა.

„მე მინდა გითხრათ, თუ აქამდე არ იცით და ჩვენმა წერილმა თქვენამდე ვერ მოაღწია ბატონო გიორგი, გასული წლის განმავლობაში, რაც ეს პარლამენტი არის და რაც ეს უმცირესობაა „ევროპული საქართველოს“ არის პარლამენტში, თქვენი კაბინეტის ყოფილი და მოქმედი 6 მინისტრი იქნა დაბარებული ერთ წლის განმავლობაში და ვერცერთმა ვერცერთი დღე ვერ გამონახა ჩვენთან საუბრისთვის. თქვენ მითხარით ცოტა ხნის წინ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული საზოგადოებისთვის, არა ჩვენთვის არამედ ქვეყნისთვის. აქ არის ბატონი ქუმსიშვილი, აქ არის ბატონი სუბარი, აქ არის ბატონი სოფლის მეურნეობის მინისტრი და ბატონო მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ჩვენს წერილებზე საერთოდ პასუხსაც კი არ გვცემს. მე გთხოვთ, რომ შეაფასოთ თქვენი მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების საქციელი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს მთავრობის მეთაურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ხშირად ოპოზიცია სენსიტიური თემებით სპეკულირებს და არის საკითხები, რომლის გამოც მთავრობის წევრები თავს არიდებენ პარლამენტში მისვლას.

„არცერთ მომენტში ჩვენ არ დაგვიფიქსირებია პარლამენტისადმი უპატივცემულობა. ხშირად ოპოზიციის მხრიდან ხდება ხოლმე ისეთი მგრძნობიარე თემებით მანიპულირება და პოლიტიზაცია, როდესაც სახელმწიფო ინტერესებს ეხება ხოლმე საქმე და ასეთი შემთხვევა არა ერთი ყოფილა ხოლმე. არ დაგიმალავთ, რომ ასეთ დროს შეგნებულად საჯარო განხილვას შეიძლება თავი ავარიდოთ. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ არ გაკმაყოფილებთ ჩემი პასუხი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რასაც საპასუხო რეპლიკა მოჰყვა გიგა ბოკერიას მხრიდან.

„შემიძლია კი არა, ნამდვილად არ მაკმაყოფილებს,“ – უპასუხა გიგა ბოკერიამ პრემიერს.

პრემიერისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, მაშინ როდესაც მან კითხვას პასუხი უკვე გასცა, რატომ მეორდებოდა ერთი და იგივე.

„დაკითხვა არის? მაინტერესებს,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა პრიორიტეტები აქვს იუსტიციის სამინისტროს 2018 წელს?!
შემდეგი სტატიაკანონმდებელმა აბესაძემ არ იცის იუსტიციის მინისტრი რომ კანონს ვერ ცვლის – თეა წულუკიანი