2025 წლის 14 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი – სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია – და შექმნეს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია.
ქარტიას ხელი ვაშინგტონში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
„ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეპიზოდია აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებში. ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.
მისი თქმით, კომისია ორ ქვეყანას აძლევს საგზაო რუკას, რათა გააფართოვონ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, მართლმსაჯულების სფეროებში და გააღრმავონ ხალხთაშორისი ურთიერთობები.
ეს ნაბიჯი აშშ-ის მთავრობამ გადადგა ახალი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისათვის ძალაუფლების გადაცემამდე 6 დღით ადრე.
„ჩვენ მოუთმენლად ველით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა მივაღწიოთ იმ ამბიციურ მიზნებს, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით არის განსაზღვრული“, -განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
ყველა ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის სუვერენული უფლებაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს ჩვენი სომეხი მეგობრების აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა. სომხეთის სუვერენული უფლებაა განავითაროს ურთიერთობები ყველა მიმართულებით“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არასოდეს შეუსრულებია სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში.
„შეერთებულ შტატებს არასოდეს შეუსრულებია განსაკუთრებული სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში. პირიქითაც კი შეიძლება ითქვას. სწორედ ამ ქმედებების კონტექსტში, შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობს თავის კვალდაკვალ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გაიყოლოს“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ერევანი და ვაშინგტონი დღეს ხელს მოაწერენ დოკუმენტს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.