შეერთებული შტატები არ იყენებს სანქციებს მეგობრების წინააღმდეგ საქართველო ჯერ ისევ ახლო მეგობარია შეერთებული შტატების

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავებამ დასავლეთში შოკი გამოიწვია.

ყოფილმა ელჩმა ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, რომ დასავლეთს საქართველოსთან დაკავშირებით იმედი ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გაუცრუვდა:

მაშინ, როცა ჩატარდა არჩევნები, რომელიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

ასევე, მისი თქმით, იმედგაცრუების მიზეზი იყო ოპოზიციის უარი, დაეკავებინა ადგილი პარლამენტში.

“დღეს კი განსაკუთრებული იმედგაცრუება გამოიწვია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ. ეს არის ძალიან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელმაც დასავლეთში შოკი გამოიწვია” ამბობს უილიამ კორტნი.

მისივე თქმით, ვითარებიდან გამოსავალი ასეთია:

“პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს.

მეორე: ოპოზიციამ უნდა დაიკავოს საკუთარი ადგილი პარლამენტში. შეიძლება ერთობ რთულია ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ერთობლივი მუშაობა ახალი იდეების შესამუშავებლად. დემოკრატიულ ქვეყნებში გამოჩენილი მოქალაქეები ერთად სხდებიან, გამოდიან კონკრეტული იდეებით, ვფიქრობ, ახლა საქართველოში ამის დროა. საჭიროა, ადამიანები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ერთად დასხდნენ და წარმოადგინონ იდეები პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ასევე, შექმნან შესაძლებლობები განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის და მოძებნონ შესაძლებლობები არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც საბოლოოდ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოში დიდი ხნის წინ უნდა ჩატარებულიყო ასეთი არჩევნები. ეს უკრაინაში უკვე ვიხილეთ, მაგრამ საქართველოში არა”.

ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები არის გამოსავალი, მაგრამ არა ამ მომენტში.

რაც შეეხება სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის და ნიკა მელიას დაკავების შემოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ, უილიამ კორტნი ამბობს, რომ აშშ მეგობრებს სანქციებს არ უწესებს.

“სანქციებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ იყენებენ, რომლებიც ჩართულები არიან სასტიკ ქმედებებში. მაგალითად, ირანის ან რუსეთის მიმართ. შეერთებული შტატები არ იყენებს სანქციებს მეგობრების წინააღმდეგ. საქართველო ჯერ ისევ ახლო მეგობარია შეერთებული შტატების. ამერიკაშიც და ზოგადად დასავლეთში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, უფრო განვითარდება და ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიის გზას. სანქციების დაწესება ამ ეტაპზე არ იქნება სწორი”. – თქვა მან ფორმულასთან.

banner
წინა სტატიაშიკრამერი: სანქციები ივანიშვილს, პრემიერს, შს მინისტრს უნდა დაეკისროს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: უნდა მოხდეს პოლიციის სრული დეპოლიტიზაცია, სრული დეპოლიტიზაცია სასამართლო და სრული დეპოლიტიზაცია პროკურატურის