შინაგან საქმეთა მინისტრი გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პირველ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით სამინისტროს 6 მოქმედი თანამშრომელი უკვე დაკავებულია, თუმცა უწყება ინციდენტში თავად მოქალაქესაც ადანაშაულებს.
დარახველიძის მტკიცებით, საპრევენციო შემოწმების დროს მოქალაქე პოლიციას არ დაემორჩილა, გახდა აგრესიული და ერთ-ერთ სამართალდამცველს ბლაგვი საგნით ჯანმრთელობა დაუზიანა:
„კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება. მოქალაქე გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით – ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. აღნიშნული პოლიციელი მკურნალობას საავადმყოფოში გადის. ფაქტზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს“, — განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება გმობს ნებისმიერ ძალადობას და საქმის მასალები სრულად გადაეცემა გენერალურ პროკურატურას, რათა ორივე მიმართულებით — როგორც პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, ისე მოქალაქის მხრიდან თავდასხმის ფაქტზე — ობიექტური გამოძიება ჩატარდეს.

















