შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სესიაზე დღეს გაიმართება

შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სესიაზე დღეს გაიმართება,- ამის შესახებ ევროპარლამენტმა განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

“წევრმა ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას დაუკავშირეს. ევროპარლამენტმა და საბჭომ ამ მექანიზმზე შეთანხმებას 7 დეკემბერს მიაღწიეს და მას პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ხუთშაბათს გაიტანენ. ევროპარლამენტის წევრების თხოვნის საფუძველზე, ევროკავშირის თავმჯდომარე სლოვაკეთმა პირობა დადო, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე წერილობით დაუდასტურებს მათ, რომ საბჭო გააკეთებს ყველაფერს საქართველოსთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დამუშავების დასაჩქარებლად. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება იმავე დღეს, როდესაც ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი”, -აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროპარლამენტის განცხადების მიხედვით, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს არაფორმალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

“ჩვენ გადავდივართ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ფინალურ ფაზაზე. დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია იყო შეთანხმების მიღწევა, რომ ვიმოძრაოთ წინ, შეჩერების მექანიზმის გადახედვის პარალელურად და ვიყოთ მზად მათი ერთდროულად ამოქმედებისთვის. მოხარული ვარ, რომ საბჭომ მხარი დაუჭირა ჩვენს განზარხვას, შევასრულოთ დაპირება რაც შეიძლება მალე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს კეთდება საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირთან დასაახლოებლად, როგორც მობილურობის, ისე პოლიტიკური გზის მხრივ”, – განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებლმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მარია გაბრიელმა.

როგორც ევროპარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, “13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება კიდევ უნდა დაადასტურონ წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა (Coreper) და მხარი დაუჭიროს LIBE-ს კომიტეტმა და მთელმა პარლამენტმა, სავარაუდოდ იანვარში”.

banner
წინა სტატიაშიბაშარ ასადი: ტრამპი შეიძლება ჩვენი მოკავშირე გახდეს
შემდეგი სტატიაეროვნული ბიბლიოთეკიდან ორი უნიკალური წიგნის მოპარვისთვის ერთი პირი დააკავეს