8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

“შეჩერდეს ილიაუნის პროგრამების შეკვეცა-გაუქმების პროცესი” – 20-მდე ასოციაცია

საქართველოში მოქმედი, ადამიანის ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე პროფესიული ასოციაციები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების შეკვეცა-გაუქმების პროცესი.

20-მდე ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო-კვლევითი პროგრამების 92% შეიკვეცა და  “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდებებენ უკან წაიღონ  გადაწყვეტილებები.

სრულიად გაუქმდა ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, მათ შორის დედაქალაქის მასშტაბით უნიკალური კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა.

სრულიად გაუქმდა სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საქართველოში პროფესიის დაფუძნების დღიდან მოქმედებდა და მრავალი ძლიერი სპეციალისტი აღზარდა, რომლებიც ამჟამად ზრუნვის სხვადასხვა სერვისებში არიან დასაქმებული;

სრულიად გაუქმდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც.

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის უნიკალურ პროგრამას მომავალი წლისთვის მიენიჭა სულ 5 ადამიანის მომზადების კვოტა, რაც ბევრად ჩამოუვარდება ქვეყანაში არსებულ მოთხოვნას ნეიროგანვითარების პრობლემების მქონე ბავშვებსა და ზრდასრულ შშმ პირებში;

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამას მიენიჭა სულ 5 კვოტა, მაშინ როდესაც ქვეყნის ნარკოვითარება უაღრესად რთულია და შესაბამისი პროფილის ხარისხიანი სერვისის მიღების შესაძლებლობები ქვეყნის მოსახლეობისთვის უკიდურესად შეზღუდულია.

„ჩამოთვლილი პროგრამები წარმატებულად ფუნქციონირებს სწორედ იმ მოცემულობის წყალობით, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს მხარდამჭერი პროფესიების პროგრამების მთელ რიგს სთავაზობდა და სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საგნები აერჩიათ მომიჯნავე პროფესიების კურიკულუმებიდან, რაც სამომავლოდ შეუძლებელი იქნება. ეს შეუძლებელს ხდის პროფესიული უნარ-ჩვევებით მრავალმხრივ აღჭურვილი სპეციალისტების მომზადებას. ყოველივე ეს ხდება იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ჩვენი თანამოქალაქეების საკმარისად დიდ სეგმენტს ესაჭიროება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სერვისი, სადაც კვალიფიციური მულტიდისციპლინური გუნდი უნდა მუშაობდეს, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადიქტოლოგის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის მონაწილეობით“,–  ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაციები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დღეს გაუქმებული პროგრამების კურსდამთავრებულები მუშაობენ წამყვან პოზიციებზე ისეთი სახელმწიფო უწყებების ზრუნვის სერვისებში, როგორიცაა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრი; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვა არაერთი სამსახური.

“ზრუნვის პროფესიების წარმომადგენელი სპეციალისტების მომზადების ზემოთ აღწერილი შეკვეცა, ფაქტობრივად, ქვეყანაში მცხოვრებ შშმ პირებს, გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, წამალდამოკიდებულების პრობლემების მქონე ადამიანებს, ნეიროგანვითარების პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს და ზრუნვის საჭიროების მქონე ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ტოვებს კვალიფიციური ზრუნვის შესაძლებლობების გარეშე. ილიაუნის ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამების გაუქმების განზრახვის განხორციელება გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს, რომელიც მიადგება როგორც ზრუნვის პროფესიებში სპეციალისტების ხარისხიანი მომზადების შესაძლებლობებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობას“, — ნათქვამია განცხადებაში.

პროფესიული ასოციაციები და ორგანიზაციები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების შეკვეცა-გაუქმების პროცესი.

banner
წინა სტატიაშისასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაუნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირში შეთანხმებული 90 მილიარდი ევროს სასესხო პაკეტი დაბლოკა