შეჩერდება თუ არა საკონსტიტუციო რეფორმა

ჯანი ბუკიკიოს არადიპლომატიურად მკაცრი შეფასებები სწორედ გაუგებარ საკონსტიტუციო პროცესს ეხმიანებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე, ისე მედიასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კონსტიტუციას ექნება ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა.

„ჩვენ მივიღეთ ის, რომ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად პარლამენტის არჩევის წესი, სრულიად შეიცვალა ვითარება და გადავადდა ყველასთვის მისაღები თემა – პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რაც აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელი იყო ვენეციის კომისიისთვის. ის შეფასებები, რომელიც ძალიან მკაცრი იყო, შეიძლება ითქვას არადიპლომატიურად მკაცრიც კი ბატონი ბუკიკიოს მხრიდან, სწორედ ამ გაუგებარ პროცესს ეხმიანებოდა, რომელიც შეიქმნა ამ ხნის განმავლობაში: სიჩქარე, შემდეგ სხვა დოკუმენტის შეთავაზება და ბოლოს სხვა დოკუმენტის კენჭისყრა, ნულოვანი კონსენსუსი. ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ცხადად ლაპარაკობდა როგორც ჩვენთან შეხვედრაზე, ასევე, მედიასთან, რომ ამ დოკუმენტს ექნება ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ლეგიტიმაციის არმქონე დოკუმენტით როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ მომდევნო 4 წელიწადი“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

მისი თქმით, ჯანი ბუკიკიო და ვენეციის კომისია დიდი ხანია თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და კომისიისთვის და მისი თავმჯდომარისთვის ძალიან მძიმე იყო ის, რაც მოხდა.

„ის მბობდა, რომ კონსტიტუციას სჭირდებოდა დიდი კონსენსუსი, მაგრამ მცირედი კონსენსუსიც რომ არ არსებობდეს, ასეთი რამ დაუშვებელია და ეს ქმნის სწორედ ლეგიტიმაციის პრობლემას და არა კონკრეტული მოდელი. ნებისმიერი მოდელი ლეგიტიმურია, თუ მასზე არის თანხმობა“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ შექმნილი ჩიხური ვითარებიდან გამოსავლის ძიებისთვის საჭიროა დიალოგის განახლება და დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმის შეჩერება.

banner
წინა სტატიაშისომხეთი ქართველ ბიზნესმენებს თეზ-ში ეპატიჟება
შემდეგი სტატიამაიკ პენსი საქართველოს ეწვევა